ჩაიარა ცენტრალური ბანკების აქტივობის კვირამ და ბაზრებისთვის ყველაზე აქტუალური თემა ისევ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბულობა გახდა.
და ის აქტუალობას მანამ შეინარჩუნებს, ვიდრე მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა საერთო ენას გამონახავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნამდვილი სავაჭრო ომის სახეს მიიღებს.
ეს კი არავის აწყობს, განსაკუთრებით კი მსხვილ ინვესტორებს, რომლებიც უზარმაზარი თანხებით რისკავენ და თუ შესაფერისი უხიფათო გარემო არ ექნებათ, საკუთარ სახსრებს სხვა ტიპის აქტივებში დააბანდბენ. მაგალითად, ოქროში, ან იაპონურ იენში, ან თუნდაც დოლარში.
გასული კვირის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, მოლაპარაკების განახლებისთვის საფუძველს ამზადებს. რა შედეგი მოჰყვება ამას, ჯერ ვერავინ იტყვის. მანამდე კი მსოფლიოს საქმიანი სამყარო, ორივე ქვეყნისგან სიტუაციის შემდგომი გართულების მოლოდინშია. ამ ეტაპზე, გართულება კვლავ ერთმანეთის პროდუქციაზე ტარიფების მკვეთრ ზრდაში აისახება.
პარასკევს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე, ტარიფებს 5-25 პროცენტის ფარგლებში ასწევს. ამერიკას უკვე მზად აქვს 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინური პროდუქციის სია, რომლებზეც ტარიფები 25 პროცენტამდე გაიზრდება. სხვათა შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფების ზრდის პოლიტიკას იმაზე გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე ვინმე მოელოდა. ამის დასტურად, მან ჩინეთის სააქციო ბაზრის მკვეთრი კლება მოიყვანა.
ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ ბოლო ოთხ თვეში ჩინეთის ბაზარი 27 პროცენტით დაეცა, რის გამოც, ჩინელები ამერიკასთან მოლაპარაკებას ცდილობენ. მისივე თქმით, ამერიკული ბაზარი არნახულად გაიზარდა და კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც კი ჩინურ მხარესთან ახალი კონტრაქტები გაფორმდება.
ამ კვირაში ჩინეთი ივლისში ვაჭრობის შედეგებს გამოაქვეყნებს (ოთხშაბათს). ტრამპის სიტყვების დასტურად, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ცისქვეშეთის დადებითი სავაჭრო სალდო, 41.6-დან 39.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდება. პროგნოზის შესაბამისად, შარშანდელ ივლისთან შედარებით, ექსპორტი 10.0 პროცენტით, იმპორტი კი 17.0 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი.
გარდა ამისა, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, თავისი სავალუტო რეზერვების შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ასევე გამოქვეყნდება სამომხმრებლო და წარმოების ფასების მაჩვენებლები.
შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი ივლისის ინფლაციის სტატისტიკას გამოაქვეყნებს (პარასკევს). დადებითი მაჩვენებლები გაამყარებს ფედრეზერვის პოზიციას მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის კიდევ ორჯერ აწევას ითვალისწინებს.
პროგნოზის შესაბამისად, ივლისში ინფლაცია 0.2 პროცენტით უნდა იყოს გაზრდილი, ერთწლიან მონაკვეთში კი ზრდა 3.0 პროცენტი იქნება. ძირეული ინფლაცია კი, რომელიც საკვების და საწვავის ფასებს არ მოიცავს, ერთწლიან მონაკვეთში 2.3 პროცენტი უნდა იყოს.
ბრიტანეთში კი მეორე კვარტლის ერთიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკას გამოაქვეყნებენ (პარასკევს). პროგნოზით ნავარაუდებია, რომ ალბიონის ქვეყნის ეკონომიკა 0.4 პროცენტით გაიზარდა. ეს კი პირველი კვარტლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ინგლისის ბანკმა სტერლინგზე საპროცენტო განაკვეთი გაზარდა, თუმცა იქვე გამოაცხადა, რომ ეს სულაც არ ნიშნავს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დასაწყისს, რადგან ქვეყანას წინ ბრექსიტი ელის, რომლის პირობებიც ევროკავშირთან ჯერაც შეუთანხმებელია.