ზღვისპირა ქალაქები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ქობულეთში ის ადამიანები არჩევენ დასვენებას, ვისაც სურს ყველაფერი ძალიან ახლოს ჰქონდეს: ზღვა, ბუნგალოები, სასტუმრო და გასართობი ადგილები. ამ სტატიაში ერთად ვნახავთ, როგორია ქობულეთში ზაფხულის დღეები.
ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე
მართალია ცოტათი მოიღრუბლა, მაგრამ ქობულეთის ქვიშიან პლაჟზე ასეთ ამინდშიც კი ნახავთ ზღვაში მობანავე დამსვენებლებს. ამინდის ცვალებადობა ზღვაზე ჩამოსულებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
ბავშვები ნაპირზე თბილ ქვიშაში ეფლობიან, მერე ტალღებისკენ გაქანდებიან და ქვიშას ერთიანად ჩამოირეცხავენ. სანაპიროზე უამრავი კაფე-ბარი, ბუნგალო და რესტორანია. სადმე ერთგან შევჩერდეთ, სადაც სივრცე ღიაა და ქათქათა, ისეთი, როგორიც ზღვისპირა კაფე უნდა იყოს. ბანაობის, გარუჯვისა და ველოსიპედით სეირნობის შემდეგ მსუბუქი ალკოჰოლით შეზავებული კოქტეილით გაგრილების დრო დგება, სანამ აუცილებლად დასაგემოვნებელი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება, „კუბა ლიბრე“ ვწრუპოთ და დავაკვირდეთ, როგორ ამზადებენ ბიჭები სხვა სტუმრებისთვის ფერად-ფერად კოქტეილებს.
სჯობს დავივიწყოთ ყველა დიეტა, ცომეულთან გაწყვეტილი კავშირები და ღირსეულად შევეგებოთ მის აღმატებულება დაბრაწულ აჭარულ ხაჭაპურს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა აკრძალვას, მით უფრო ისეთს – საკუთარ თავს თვითონ რომ ვუწესებთ.
საით გავწიოთ?
როცა მზესა და ზღვაზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აუცილებლად დაიწყებთ რაიმე სხვა ადგილების ძებნას ქალაქთან ახლომახლოს. ქობულეთთან ახლოს, სოფელ ციხისძირში VI-IX საუკუნეების, ისტორიული ციხე-ქალაქი – პეტრა მდებარეობს. ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე პეტრას აკროპოლისი ბიზანტიური წყაროების მიხედვით, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს ააგეს. პეტრა ლაზიკის უმნიშვნელოვანესი საზღვაო-სავაჭრო ცენტრი იყო. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, რუსთაველმა ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის ციხეში, პეტრას ციხე-სიმაგრე იგულისხმა. არავინ იცის ეს ამბავი ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ჩვენი ნებაა, შეგვიძლია გვჯეროდეს ლამაზი თქმულებების, არაფერს ვკარგავთ. უზარმაზარ, კლდოვან ტერიტორიაზე განფენილი ციხის ნაშთებზე აცოცდებით და დიდხანს აღარ დაბრუნდებით უკან: ნახავთ მწვანე მინდორს და ლაჟვარდისფერ ზღვას ერთად, ისეთს, როგორსაც ხალხმრავალ პლაჟებზე ვერ წააწყდებით.