მიხეილ ბატიაშვილის დავალებით, გრიფირების საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, რითაც “ელფის“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ იმის თაობაზე, რომ გამომცემლობას სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფი გაუუქმეს.
მათივე განმარტებით, აპირებენ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა მათგან ობიექტური ინფორმაცია მიიღონ.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფაქტობრივად, თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთებოდა, რის წინაშეც სამწუხაროდ, პროცესის ფინალურ ეტაპზე აღმოვჩნდით.
აღნიშნულ საკითხს უკვე სწავლობს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ახალ ინფორმაციას ხარვეზების თაობაზე, საკითხის შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამინისტრო იქნება აბსოლუტურად ღია ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არცერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი. ვაპირებთ შეხვედრას ყველა მხარესთან, მათ შორის გამომცემლებთან, რათა ობიექტური ინფორმაცია მათგან მივიღოთ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ახალ სასწავლო წელს, მოსწავლეები შინაარსობრივად და ტექნიკურად გაუმჯობესებული ახალი სახელმძღვანელობით ისწავლიან“, - განმარტეს სამინისტროში.
გამომცემლობა "ელფი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. "ელფი" მინისტრის მოადგილის თემურ მურღულიას ხელმოწერით მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც გამომცემლობას მათემატიკის სახელმძღვანელოებზე 24 ივლისს მინიჭებული გრიფი გაუუქმდა.
"გამომცემლობა "ელფმა" გრიფირების კონკურსში 1-6 კლასების მათემატიკის სახელმძღვანელოები წარადგინა. ჩვენ საავტორო უფლება გერმანული და ავსტრიული გამომცემლებისაგან გვაქვს ნაყიდი. ექსპერტებმა, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაიქირავა, ჩვენს მიერ წარდგენილი სახელმძღვანელოები შეაფასეს. მივიღეთ უმაღლესი შეფასება - 100-დან 98-ქულამდე. ამის შემდეგ სამინისტრომ დაგვავალა, რომ სახელმძღვანელოები სკოლებისთვის გაგვეცნო, რისთვისაც საკმაოდ მოკლე დრო მოგვცა. უნდა მოგვევლო მთელი საქართველო და რაც შევძელით, თითქმის ყველა რაიონი მოვიარეთ. უნდა შეგვეგროვებინა 5-ათასი ტირაჟი ანუ ჩვენი წიგნით სწავლა სულ მცირე 5 ათასს მოსწავლეს უნდა სდომოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნები არ დაიბეჭდებოდა. ჩვენ გაცილებით მეტი - 20 ათასამდე შეკვეთა ავიღეთ თითო კლასში. ამის შემდეგ მიმდინარე წლის 24 ივლისს მოგვენიჭა გრიფი. სახელმძღვანელოების დასაბეჭდად მივეცით შეკვეთა, მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი - ხელშეკრულებების გაფორმება, გრძელდება ხარჯების გაწევა, რა დროსაც, 3 აგვისტოს განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ გამოსცა ბრძანება "ელფისთვის" მინიჭებული გრიფის გაუქმების შესახებ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გამომცემლობის ფინანსურმა მენეჯერმა ზვიად სებისკვერაძემ.
მისივე განმარტებით, "ელფს" სახელმწიფო უწყებისგან დღემდე არ მიუღია პასუხი, თუ რა გახდა "გრიფის წართმევის მიზეზი".