რეალურად, საპენსიო რეფორმის ამოქმედების საკითხი იდგა და ჩვენ ამას ვიზიარებთ, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საპენსიო რეფორმაში საზოგადოების ძირითადი გამოწვევები და სპეციფიურობა გათვალისწინებული არ არის,- ამის შესახებ “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ საქართველოს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით დაფინანსებული კვლევის პრეზენტაციამდე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაში გათვალისწინებული არ არის სახელფასო უთანასწორობისა და ზოგადად, უთანასწორობის საკითხი. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, თუ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ამოქმედდება, მაშინ მოქალაქეები გაზრდილ პენსიას მხოლოდ 25 წლის შემდეგ მიიღებენ. ასევე, არ არის გათვალისწინებული მაგალითად, მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებული ადამიანების პენსიის საკითხი და შესაძლებლობა, რომ ისინი ადრე გავიდნენ პენსიაზე.
“ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენც გავითვალისწინეთ, შესაბამისად, ჩვენი საპენსიო სისტემა ეფუძნება სოლიდარობის პრინციპს, მთავრობის ეფუძნება მთავრობის მიერ შემოთავაზებული “ყველა ზრუნავს საკუთარ თავზე პრინციპს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობას არ ექნებოდა იმ სპეციფიკის გათვალისწინების შესაძლებლობა, რომელიც არის უთანასწორობა და მყისიერად გაზრდილი პენსიის მიღება”,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა. მისივე თქმით, მას ალტერნატიული საპენსიო რეფორმის შეთავაზება აქვს, რომელიც თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს გულისხმობს, სადაც მომავალი თაობა პენსიას წინა თაობას უხდის. ნაცვლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში სექტემბერში შევა.
“არსებობს მხოლოდ მთავრობის მიერ წარმოდგენილი საპენსიო სისტემები, ძალიან იშვიათად, ყველგან მაინც არის თაობათა შორის სოლიდარობის სისტემა, როგორც ძირითადი საყრდენი და შემდეგ ეს მოდელი, რომელიც მთავრობას აქვს შემოთავაზებული, არის შემავსებელი ამ სისტემის”, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება.