ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროექტის სოციო-ეკონომიკურ კვლევაზე შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ მიერ ახლო მომავალში გამოსაცხადებელ ტენდერში პოლონური დეველოპერული კომპანია PFI future-იც მიიღებს მონაწილეობას.
პოლონური საინვესტიციო ჯგუფი პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მიღების ალბათობასაც არ გამორიცხავს.
ეკონომიკური აქტივობის წინასწარი განზრახულობის შესახებ კომპანიის დირექტორატის წარმომადგენლობითმა ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან და შპს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრებთან ერთად ენგურის ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივებს განიხილავდნენ.
პოლონეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ხელშეწყობის საფუძველზე PFI future -ის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მსხვილი საინვესტიციო პროექტების განვითარების მენეჯერი საქართველოში სწორედ ენგურჰესის ტურისტული ზონის ახლადშემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით იმყოფებიან.
სოციო-ეკონომიკური კვლევა მასშტაბური პროექტის სხვადასხვა მიმართულების ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხებს განსაზღვრავს. ტურისტულ საიტზე ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე, მიმდინარე თვეს გამოცხადებული ტენდერის შედეგად განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური ამონაგებისა და მომგებიანობის, ტურისტული დატვირთვის ინტენსივობის, თანმდევი სოციალური ასპექტებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესზე ზემოქმედების კონკრეტული მაჩვენებლები.
პარალელურად, ესტონური კომპანია „კოკო არქიტექსმა“ უკვე დაასრულა ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტის მომზადების ეტაპი, რაც თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას ითვალისწინებდა.
პროექტის საფუძველზე უკვე განისაზღვრა ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტიც, რომლითაც მის ინტერიერში ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაცია და შემეცნებით-გასართობი ატრაქციები განთავსდება. პროექტირების ეტაპის ფარგლებში განისაზღვრა ტურისტული მარშრუტების საბოლოო მოდელებიც, სადაც კონცეფციის დონეზე შემუშავებულ ვარიანტებს ახალი მიმართულებების სახით ენრგურჰესის თაღოვანი კაშხლის მისაყრდნობ ფარში არსებული კომუნიკაციებიც დაემატა.
„კოკო არქიტექსის“ ესტონელი სპეციალისტების მიერვე შემუშავდა მარშრუტების განვითარების შინაარსობრივი მხარეებიც, რაც მათ თემატური ინსტალაციებით მოწყობას მოიცავს.
არსებული ეკონომიკური გაანგარიშებებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.