დონალდ ტრამპი: ვინც ირანთან ვაჭრობს, ის აშშ-სთან ვერ ივაჭრებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება ყველაზე მტკივნეული, ვიდრე ოდესმე.

„ნოემბერში მათ ახალ დონეს მიაღწიეს. ამიტომ, მას ვინც ბიზნესს ირანთან აწარმოებს, შეერთებულ შტატებში ბიზნესი ვერ ექნება. მე მხოლოდ მშვიდობიანი მსოფლიო მსურს, მეტი არაფერი!“ - წერს საკუთარ „ტვიტერზე“ აშშ-ის პრეზიდენტი.

ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება, თუმცა სანქციების პირველ ეტაპს, ამერიკა დღეს საღამოს დაიწყებს. ამ ეტაპზე, ირანს შეეზღუდება წვდომა დოლარზე, ოქროზე და სხვა ძვირფას ლითონებზე. შეეზღუდება ქვანახშირის და იმ პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა, რაც მრეწველობისთვის არის საჭირო.

სანქციების მეორე ეტაპის მიზანი, რომელიც სამ თვეში შევა ძალაში, იქნება ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, ასევე ამ ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტის აღკვეთა. ამ ყველაფრის მიზანი ერთია - არ გახდეს ირანი ბირთვული ქვეყანა.