„შავი სიის“ ტერმინი უქმდება - საკრედიტო ბიუროში მსესხებლის ფაქტობრივი მონაცემები აისახება

საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ ფაქტობრივი მონაცემები იქნება ასახული.

ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" და "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის" პროექტებშია აღნიშნული.

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს - საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის მოთხოვნას და ინფორმაციის მიღების, აღრიცხვა/დამუშავებისა და გაცემის მკაცრად გაწერილ ნორმებს. პროექტებში ასევე განსაზღვრულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები.

„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ მონაცემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რამაც უნდა გააუმჯობესოს მონაცემთა ხარისხი და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს პოტენციური მსესხებლების/მომხმარებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას.

მნიშვნელოვანია, რომ კონცეპტუალურად იცვლება ამჟამად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო ამონაწერში მომხმარებელს "ნეგატიური" სტატუსი ენიჭება. ცვლილებების შედეგად, საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად ასახული იქნება ფაქტობრივი მონაცემები მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების პროექტები შესაბამისობაშია ბიუროს რეგულირების კუთხით არსებულ ძირითად საერთაშორისო პრინციპებთან და შემუშავდა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში. ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. ამავე ცვლილებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობა.