ირანის მიმართ სანქციების დაწყებაზე ნავთობის პირველი რეაქცია, გაძვირებაა. ირანი მსოფლიოში ნავთობის მეხუთე უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანაა და მისი სანქციებით შეზღუდვა, პირდაპირ აისახება მსოფლიო ბაზარზე.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსის ფასი 0.33 პროცენტით, 74 დოლარამდე გაიზარდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) სექტემბრის ფიუჩერსის ფასი კი მხოლოდ 0.12 პროცენტით გაიზარდა და 69.09 დოლარს მიაღწია.
შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციებს დღეს დაიწყებს, ნოემბერში კი მათ სრული მასშტაბით აამოქმედებს. კერძოდ, ირანიდან ნედლი ნავთობის ექსპორტზე სანქციები 4 ნოემბერს ამოქმედდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, ირანს დოლარის ბანკნოტებზე წვდომა უნდა შეეზღუდოს, რათა ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების შესყიდვა ვერ შეძლოს. ირანს ასევე შეეზღუდება წვდომა საწარმოო პროგრამებზე და იმ ლითონებზე, რომლებიც ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება.
ირანის წინააღმდეგ მოქმედი წინა სანქციების დროს, ბაზარს ამ ქვეყნის 2.4 მილიონი ბარელი ნავთობი დააკლდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი სანქციების სრულად ამოქმედების შემდეგ, ირანული ნავთობის დანაკლისი გაცილებით მეტი იქნება. მათი პროგნოზით, სანქციების სრულად ამოქმედების შემდეგ, ბარელი ნავთობის ფასი ადვილად მიაღწევს 80-დოლარიან ზღვარს და შესაძლოა, 90 დოლარის „ტერიტორიაზეც“ კი გადავიდეს.
მართალია, ჩინეთი აცხადებს, რომ ირანული ნავთობის ემბარგოს არ შეუერთდება, მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ ნედლეულის მიღებას მას შემდეგ, რაც აშშ სანქციების ფარგლებში, ორმუზის სრუტეს ჩაკეტავს და იქიდან ირანული ნავთობის გატანას აღკვეთავს. შესაძლოა, ირანმა სირიის პორტების გამოყენება სცადოს, თუმცა ამ ქვეყანაში დაუსრულებელი ომის გამო, ეს დიდ რისკთან იქნება დაკავშირებული.