„სამშენებლო ნებართვებზე არსებული 800-მდე ვადაგადაცილებული წერილი უკვე განულებულია“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ნებართვებზე დაახლოებით, 800-მდე ვადაგადაცილებული წერილი იყო მერიაში, რომელიც უკვე განულებულია და ყველა წერილს გაეცა პასუხი.

„გასულ კვირას ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა ვადაგადაცილებულ და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაასრულა. სამშენებლო ნებართვებზე დაახლოებით 800-მდე ვადაგადაცილებული წერილი იყო და ეს არის განულებული. ყველა წერილს გაეცა პასუხი. ეს სამსახური უნდა აეწყოს ისე, რომ ვადაგადაცილებები აღარ იყოს და სამშენებლო სექტორს არანაირი პრობლემა არ შეექმნას. თვეებით უწევდათ კომპანიებს ლოდინი, რაც სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენდა, რაც ეკონომიკისთვისაც ცუდია, რადგან სამშენებლო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესია ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არის ბიზნესი, რომელიც უამრავ ადამიანს ასაქმებს.

კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ ურბანული სამსახურის თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ფაქტობრივად, 24 საათიან რეჟიმში უწევდათ მუშაობა რომ ამ ყველაფრის გასწორება მოხმდარიყო. ამ ეტაპზე პასუხი ყველა წერილზე გაცემულია, ახლა მთავარია ეს პროცესი არ გაჩერდეს და ყოველგვარი პრობლემის და შეფერხების გარეშე წარიმართოს,“-აღნიშნა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.