ამერიკული სანქციების მიზანში რუსული სახელმწიფო ბანკები ექცევა

ბანკ „ბერკლიზის“ მონაცემებით, ამერიკელ სენტორთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონპროექტი - „2018 წლიდან კრემლის აგრესიისგან აშშ-ის დაცვის აქტი“, რუსული უმსხვილესი ბანკების მიმართ, არნახული ზომების მიღებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთ პუნქტში ლაპარაკია იმაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა ერთი ან მეტი რუსული ფინანსური ინსტიტუტის ყველა ტრანზაქცია უნდა აკრძალოს. მასში ასევე ჩამოთვლილია უმსხვილესი რუსული ბანკები, მათ შორის: სბერბანკი, ვითიბი, გაზპრომბანკი, პრომსვიაზბანკი, როსსელხოზბანკი და ვნეშეკონომბანკი.

კანონპროექტი ჯერჯერობით კონგრესის არცერთი პალატის წინაშე წარდგენილი არ არის. გამოქვეყნებულია მხოლოდ პრესრელიზი, რომელშიც ლაპარაკია პროექტის შესახებ. ოღონდ მისი დებულებები დაზუსტებული არ არის. „ბერკლიზის“ მონაცემებით, ბანკების გარდა, სანქციები ეხება იმ ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ შეხებაში არიან პუტინის ინტერესების გატარებასთან.

„კანონპროექტი აშკარად გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილია რუსეთისთვის ძლიერი ზიანის მიყენება. კანონპროექტის ყველაზე რადიკალური ვერსიის შესაბამისად, სანქციები რუსეთის ყველა სახელმწიფო ბანკს შეეხება. „ფიტჩ რეიტინგსის“ ანალიტიკოს ალექსანდრ დანილოვის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ახალი სანქციები ბანკების აქტივების ბლოკირებას ითვალისწინებს, თუ ამერიკელი ინვესტორების მიერ, მათი აქტივების შესყიდვას.