ნოდარ ხადურმა "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, არჩილ ხაბაძესთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, დავით ბალაძესთან და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ვასილ ხორავასთან ერთად დღეს საბაჟო-გამშვები პუნქტის "სარფის" ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო პროცედურების, გადამხდელთა მომსახურების ხარისხის შესახებ მინისტრი იმპორტიორებსა და მგზავრებს გაესაუბრა. გარდა ამისა, ხადური საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

ბათუმის რეგიონულ სერვის-ცენტრში ფინანსთა მინისტრი დაინტერესდა გადამხდელთა მომსახურების პროცედურებით, ელექტრონული სერვისებით, ზოგადად, რეგიონში გადამხდელთა აქტივობით.

დღესვე, ნოდარ ხადური "ადლიის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც გაფორმების პროცედურების მიმდინარეობას გაეცნო. აღსანიშნავია, რომ გეზ-ის ტერიტორიაზე ასევე განახლდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის კინოლოგიური სამსახურის გამართული ფუნქციონირებისთვის ძაღლებისთვის სპეციალური ვოილერები აშენდა.

ფინანსთა მინისტრმა ბათუმის პორტიც მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ამ პერიოდში ბათუმის პორტის გამართულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის დროებით შეჩერების გამო ტვირთების, მათ შორის, ტრანზიტული საქონლის ნაწილი ქვეყანაში სწორედ აღნიშნული პორტის საშუალებით მოძრაობს.