ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, აღდგეს კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა.
„ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ სამედიცინო ხარისხის რეგულირება ექიმების კვალიფიკაციის რეგულირების გარეშე შეუძლებელია. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარების აუცილებლობა იქნება თუ კრედიტსაათები, ამ ყველა თემაზე უნდა მოხდეს სერიოზული კონცეფციის საჯარო განხილვა და მერე უკვე სამინისტროს მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენა, რომელსაც ჩვენ პარლამენტში ძალიან სერიოზულად განვიხილავთ. ამ რეფორმის ჰორიზონტი მსჯელობისთვის არის დაახლოებით ერთი წელი-წელიწადნახევარი, რომ ასეთი სისტემა თავიდან დავნერგოთ.
ეს კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს. მე ვიცი, რომ სამინისტრო მუშაობს ამ კონცეფციაზე, რომ ეტაპობრივი დანერგვა განვახორციელოთ. პირველი იქნება, რომ კრედიტსაათების სისტემა აღდგება, ჩათვლები იქნება და დანარჩენი ვნახოთ, აქაც წახალისებისა და სავალდებულოობის პრინციპი უნდა მოქმედებდეს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.