ქართველი მეღვინეების ნაწილი „ხვანჭკარას“ ადგილზე გადამუშავებისთვის უკვე ემზადება.როგორც ,,შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, ღვინის ეს სახეობა საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდია და მის წარმოებაზე უარის თქმა კომპანიებისთვის არამომგებიანი იქნება.
როგორც ცნობილია, 2019 წლის შემოდგომაზე „ხვანჭკარას“ გადამუშავების პროცესი უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის რთველზე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების - მუჯურეთულის და ალექსანდროულის ზონიდან გამოტანა აღარ მოხდება. მეღვინეების ნაწილი უკვე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროდუქტი ადგილზე აწარმოოს, ნაწილი კი ჯერ ისევ ფიქრობს, გააგრძელებს, თუ არა „ხვანჭკარის“ წარმოებას.
აღნიშნულის შესახებ განცხადება 2017 წლის რთველზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა, ერთ-ერთ მიზეზად კი რეგიონის ეკონომიკურად განვითარება დაასახელა. უწყების პოზიციაა, რომ პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ ემზადებიან ღვინის კომპანიები აღნიშნული ცვლილებისთვის, რა მოლოდინები აქვთ და დაიწყებენ თუ არა „ხვანჭკარის“ წარმოებას უშუალოდ რაჭაში.
მეღვინეები გადაწყვეტილებას იწონებენ, თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ ადგილზე საწარმოს აშენებას თავად ვერ შეძლებს, ამიტომ თუ ადგილობრივ ქარხნებთან თანაშრომლობა მოხდება, „ხვანჭკარის“ წარმოებაზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ ვერ მოვახერხებთ რაჭაში ქარხნის აშენებას. ამიტომ, სავარაუდოდ, მოგვიწევს რომელიმე ადგილობრივ საწარმოსთან დაკავშირება და მათი სერვისით სარგებლობა. თუ იქნება ქარხანა, საკმარისი ფართი, მისაღები ფასი, შესაბამისი მოწყობილობა, რაც ჩვენ სტანდარტებს შეესაბამება, მაშინ მათთან ვითანამშრომლებთ და წარმოებაზე უარს არ ვიტყვით. თუმცა, თუ ფასი მაღალი იყო, მაშინ უარის თქმა მოგვიწევს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“,-აცხადებს თელავის ღვინის მარანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
კომპანია ,,შუხმან ვაინის’’ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ „ხვანჭკარის“ წარმოებას ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებენ, მაშინაც კი, თუ იქ საკუთარი ქარხნის აშენება მოუწევთ, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდია და მისი წარმოებაზე უარის თქმა, ნებისმიერი მეღვინესთვის არამომგებიანი იქნება.
„ეს პოლიტიკა მისასალმებელია, რადგან არ მოხდეს ბრენდის გაყალბება, ან იყოს ამის მცდელობა. როგორც მოგეხსენებათ, სახვანჭკარე ყურძნის ჯიშების რაოდენობა არის ლიმიტირებული, შესაბამისად, მისი წარმოება უნდა მოხდეს ადგილზე. „ხვანჭკარის“ მოსავალი ნაწილდება ყველა კომპანიაზე და თვითღირებულებაც საკმაოდ მაღალი აქვს, სიმცირისა და მოთხოვნიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ღვინის კომპანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია და ვისაც პორტფელის შენარჩუნება უნდა, ადგილზე გადამამუშავებელი ქარხანა უნდა ააშენოს, ან იქირაოს. მართალია, ჯერჯერობით უცნობია როგორი სისტემა იმუშავებს, მაგრამ ეს ტექნოლოგიურად არ ქმნის არანაირ სირთულეს. იქიდან გამომდინარე, რომ პროდუქტი საკმაოდ ძვირადღირებულია, ეს ხარჯებიც არ იქნება იმდენად დიდი, რომ ადგილზე გადამუშავება და შემდეგ ღვინო-მასალის ტრანსპორტირება ვერ მოახდინოს“,-აცხადებს ნუცა აბრამიშვილი.
ღვინის კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია „დუგლაძეების“ მარკეტინგის მენეჯერი შაკო ონაშვილი კი ამბობს, რომ მათი კომპანია 2019 წლის რთველში ჩაერთვება თუ არა, ჯერჯერობით გადაწვეტილება არ მიუღიათ.
„ჩვენ საწარმოები გვაქვს თბილისში და კახეთში, სადაც ხდება ჩვენი ღვინის წარმოება. რაც შეეხება კონკრეტულად „ხვანჭკარას“, ჯერჯერობით არ მიგვიღია გადაწვეტილება, მოვახდენთ თუ არა ადგილზე წარმოებას“,-აცხადებს შაკო ონაშვილი.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე რეგულაცია კონკრეტულად „ხვანჭკარისთვის“ ამოქმედდება, თუმცა, სამომავლოდ, ყველა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოსთვის, რომელიც რეგისტრირებულია, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება.