ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში თხილის საშრობი და სასაწყობე ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც არსებული სიმძლავრით 600-ზე მეტი ფერმერის მომსახურებაზეა გათვლილი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საწარმოში 1000 ტონა თხილის გამოშრობა და 500 ტონა პროდუქციის დასაწყობებაა შესაძლებელი.
„ახალი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და “აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით დაფუძნდა.
საწარმოს გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი ესწრებოდნენ.
იური ნოზაძემ თხილის სექტორის პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ასეთი საწარმოების გახსნა დარგის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.