ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. შედარებით რთული ვითარება იყო ანდრონიკაშვილის, კომახიძის, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყალში" განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩებზე მათი თანამშრომლები წყლის ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, ცხელი ხაზის ნომერზე მოქალაქეებს დატბორვის შემთხვევაში შეუძლიათ შეტყობინება დატოვონ.
ძლიერი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა ქობულეთშიც. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათთან სულ 30 შეტყობინებაა შესული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აღმაშენებლის, სოხუმისა და თხილაიშვილის ქუჩებზე აწარმოებენ.