"რეგიონული განვითარების პროგრამას" ევროკავშირი 30 მლნ ევროთი დააფინანსებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი და რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, რევაზ კაკულია ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი, მხარეებს შორის "რეგიონული განვითარების პროგრამის" დეტალების განხილვა იყო.

"რეგიონული განვითარების პროგრამის" პროექტზე მუშაობა, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს დეტალების საბოლოო კორექტირება.

შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ, პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების უწყებათაშორის კომისიას უახლოეს პერიოდში გაეგზავნება. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, იგი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

"რეგიონული განვითარების პროგრამის" შემუშავების პროცესში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ყველა სხვა სამინისტროსთან. ისინი პროგრამის ამოქმედებისა და მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ეტაპზეც ჩაერთვებიან, მათ შორის - მონიტორინგის მიმართულებით.

აღნიშნულ პროგრამის განსახორციელებლად ფინანსურ დახმარებას საქართველოს მთავრობას ევროკავშირი გაუწევს. დონორი "რეგიონული განვითარების პროგრამას" 30 მილიონი ევროთი დააფინანსებს.