9 აგვისტოდან საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიქიის მომენტიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ყველა კრიტიკულ ადგილას.
ამ ეტაპზე, კოკისპირული წვიმის გამო, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, სადაც სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
„გზაზე გამონატანებია, ხაშური-ახალციხე ვალეს გზაზე და გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონი საავტომობილო გზის მე-5, მე-7 და მე-15 კილომეტრებზე, ძლიერი წვიმის გამო, მოვარდნილი წყლის ნაკადი გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, პრობლემის მოსაგვარებლად, სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოშლილი მთის მასის გამო, გზა 2 საათით ჩაიკეტა შიდასახელმწიფოებრივი მნიშნელობის საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე. ამ დროისთვის, მოძრაობა გახსნილია.
მცირე გამონატანები იყო რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე, გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.
ასევე მცირე ზომის, გამონატანებია ბორჯომი-ბაკურიანის მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება ყაზბეგისა და თუშეთის მიმართულებებს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფრასტრქუტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით გადაადგილებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საცობები და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება.