ამერიკის მიერ რუსეთისა და თურქეთის მიმართ დაწესებულმა და დაანონსებულმა სანქციებმა ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები მნიშვნელოვნად გააუფასურა.
მხოლოდ აგვისტოში ლირა დოლარის მიმართ თითქმის 47 პუნქტით, რუბლი კი 4 პუნქტით გაუფასურდა. ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე, დღეს ლარის კურსიც დაეცა.
მართალია, სებ-ი ოფიცილურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს, თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე მიმდინარე ვაჭრობისას დღეს ერთი დოლარის ფასმა 2.55 ლარსაც კი გადააჭარბა.
უკავშირდება თუ არა ლარის კურსის ასეთი ცვლილება ლირა-რუბლის გაუფასურებას, ამის თქმა კონკრეტულად შეუძლებელია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და შესაბამისად, მათ ეკონომიკებში მიმდინარე პროცესები ჩვენზეც მეტ-ნაკლებად ნეგატიურად აისახება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 6 თვის სტატისტიკით მთლიან ექსპორტში თურქეთის წილი 9,7%-ს შეადგენს, იმპორტში კი 16%-ს. რუსეთის წილი ექსპორტში 12,8%-ია, იმპორტში - 10,1%.
ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან 708,7 მლნ დოლარის ოდენობის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტზე კი 155,2 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილოეთში 6 თვეში ექსპორტზე 204,4 მლნ დოლარის პროდუქტი გავიდა, იქიდან კი 445,6 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა.
საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხა ირიცხება საქართველოში ორივე ქვეყნიდან. კერძოდ, მთლიან ფულად გზავნილებში თურქეთის წილი დაახლოებით 8%-ა, რუსეთის კი 28,7%. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 6 თვეში თურქეთიდან საქართველოში 58,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რუსეთიდან კი 214,1 მლნ დოლარი.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, რუსეთიც და თურქეთიც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია და შესაბამისად, იმ ქვეყნების ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები საქართველოზეც ნეგატიურად აისახება და თანაც, არც ისე უმტკივნეულოდ. ეკონომისტის თემურ ბასილიას პროგნოზით, გაძვირდება ქართული ექსპორტი, რასაც მოთხოვნის შემცირება მოჰყვება, ასევე შემცირდება ფულადი გზავნილები. რაც შეეხება იმპორტს, მისი თქმით, საქართველოს შიდა ბაზარი თურქული პროდუქციით კიდევ უფრო მეტად გაჯერდება.
„რუსული რუბლის და თურქული ლირას გაუფასურების შემთხვევაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ამ ქვეყნებში გაძვირდება. ამიტომაც, მათ გაუჭირდებათ კონკურენცია ამ ბაზრებზე. ამიტომაც, შესაძლოა, ამ ქვეყნებში ქართული ექსპორტის მოცულობა შემცირდეს. შედეგად, არ გამოვრიცხავ, რომ თურქეთსა და რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კიდევ უფრო გაიზრდება.
გარდა ამისა, გაუარესდება ამ ქვეყნებში სამუშაოდ მყოფ ქართველთა მდგომარეობა, რომლებიც ალბათ, ვეღარ შეძლებენ ისეთივე ოდენობით თანხების გადმორიცხვას საქართველოში. ეს კი, სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო გააუარესებს საქართველოში. ასევე გადმორიცხვების შემცირება ნეგატიურად აისახება ლარის გაცვლით კურსზეც, ეროვნული ვალუტა გაუფასურდება“, - განუცხადა თემურ ბასილიამ „ბიზნესპრესნიუსს“.