„გვსურდა მოგვეფიქრებინა ისეთი რამ, რომელსაც ყველა სეზონს მოვარგებდით“ - რას სთავაზობს Drunk bus-ი მომხმარებელს

„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მოძრავი სივრცე, რომელიც იქნებოდა კომფორტული, მრავალფეროვანი და ფერადი.რაც მთავარია, ეს უნდა ყოფილიყო ყველგან, მთაში, თოვლში, ზღვაზე, მინდორში თუ ტბის ნაპირას“ - ასე დაიბადა მოძრავი ბარის, ანუ Drunk bus-ის იდეა, რომელიც უკვე მესამე წელია საქართველოს მასშტაბით ტურისტებისა თუ ადგილობრივების გართობაზე ზრუნავს.

პროექტს 3 ავტორი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი ზუკა ჩიკვაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ Drunk bus-ს საქართველოში ანალოგი არ აქვს, შესაბამისად, ბაზარზე კონკურენტებიც არ ჰყავთ.

მისივე ინფორმაციით, Drunk bus მომხმარებლებს სთავაზობს, მაქსიმალურად კომფორტულ სივრცეს, რომელიც ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.

„4 წლის წინ გავხსენით ბარი drunk owl, რომელიც დღემდე საკმაოდ კარგად მუშაობს. მერე გაგვიჩნდა იდეა, რომ მეორე ობიექტიც გაგვეხსნა, მაგრამ სეზონურ ადგილზე, მაგალითად, გუდაურში ან ბათუმში. თუმცა, სეზონური, მხოლოდ რამდენიმეთვიანი პროექტია და გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გვინდოდა მოგვეფიქრებინა ისეთი იდეა, რომელსაც ყველა სეზონს მოვარგებდით. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ გვეყიდა ავტობუსი, რომელსაც გადავაკეთებდით ბარის მოთხოვნების შესაბამისად და ამასთან, ივლიდა როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე ყველაგან, სადაც ხალხია“,-ამბობს ზუკა ჩიკვაიძე.

როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, ფორმატმა გაამართლა და უკვე მესამე წელია Drunk bus მუსიკალურ ფესტივალებს, ექსტრემალური სპორტის სახეობების შეჯიბრებებსა და სხვადასხვა ივენთებს სტუმრობს.

„იყო დაკვეთებიც, მაგრამ ძირითადად ფართებზე ან ფესტივალებზე დავდივართ. ასევე, ექსტრემალური სპორტის სახეობების შეჯიბრებებზე. მაგალითად, ახლახანს ჩატარდა ოფროუდი, რომლის მხარდამჭერებიც ვიყავით. იყო საველე გასვლები და მიუვალ ადგილზეც კი უზრუნველვყავით მათი გართობა. ასეთი შემოთავაზებები ხშირად გვაქვს ხოლმე.

მეორე მიმართულებაა მუსიკალური ფესტივალები. ჩვენც ვგეგმავთ ივეთნებს, ჩვენი მუსიკით და ყველა შესაბამისი მომსახურებით. ვაკვირდებით, სად არის ტურისტების თუ ადგილობრივების აქტივობები და იმის მიხედვით ვარჩევთ რეგიონს“,-ამბობს ზუკა ჩიკვაიძე.

რაც შეეხება მომსახურებას, როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი აცხადებს, Drunk bus აღჭურვილია მაცივრებითა და ყველა იმ ელემენტით, რომელიც კომფორტული სივრცის შექმნისთვისაა საჭირო.

„Drunk bus ისე აღვჭურვეთ, რომ ნებისმიერ ადგილზე შეუძლია ფუნქციონირება. თავისი კვების წყარო აქვს, ასევე წყლის მარაგი და კომფორტის ზონები. მაგალითად, მომხმარებელს შეუძლია დაისვენოს ჰამაკში, გაირუჯოს შეზლონგზე , ან გამოიყენოს კარავი. გვაქვს ასევე პროექტორი, ცოცხალი მუსიკა და ა.შ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადაც Drunk bus ჩადის, მაქსიმალურად კომფორტული ზონა მოეწყოს“,-აღნიშნავს ზუკა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, გეგმაშია მეორე ავტობუსის შეძენაც, რათა პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს.

რაც შეეხება Drunk bus-ის საინვესტიციო ნაწილს, პროექტის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ჯამში, 30 000 ლარს შეადგენს.

„ავტობუსი შევიძინეთ და მის მოწყობაში დავხარჯეთ 20 000 ლარი, შემდეგ ძრავი შევცვალეთ და ეს სადღაც, 7000-8000 ლარი დაგვიჯდა. ჯამში, პროექტს ღირებულება 30 000 ლარს შეადგენს“,-აცხადებს ზუკა ჩიკვაიძე.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე drunk bus კონკურეტები არ ჰყავს, რადგან მისი ზუსტი ანალოგი არ არსებობს.

„როდესაც drunk bus შევქმენით, იმ დროისთვის ასეთი პრექტი ნამდვილად არ არსებეობდა. ახლა გამოჩნდა პატარ-პატარა მსგავსი ელემენტები, მაგრამ ძირითადად food track-ებია, რაც ჩვენი პროექტისგან დიდად განსხვავდება. შესაბამისად, ჩვენს ფორმატში ვთვლი, რომ კონკურენტი არ გვყავს“,-აცხადებს ზუკა ჩიკვაიძე.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, drunk bus ახლა უკვე შავი ზღვისკენ იღებს გეზს, სადაც დამსვენებლებს მრავალფეროვან ივენთებს შესთავაზებს.

ნინი ქეთელაური