მსოფლიოში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არსებობს ისეთი ქალაქები, სადაც ავტომანქანით გადაადგილება აკრძალულია.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქალაქებს, სადაც მანქანით შესვლა არ არის დაშვებული.
ჰიტჰორნი, ჰოლანდია
ამ სოფელს მეორენაირად „ჰოლანდიურ ვენეციას“ უწოდებენ. აქ სახლებს შორის ხის ხიდებია გადებული, რომლებიც საკმაოდ მაღალია, რადგან მათ ქვეშ ნავები გაეტიოს. ჰიტჰორნში აღნიშნული სატრანსპორტო სისტემა ბუნებრივი პირობებით ჩამოყალიბდა. ამ ქალაქში დიდი რაოდენობით ტორფი ყოფილა, რისი აღმოჩენის შემდეგ კი მოსახლეობამ მისი თვითნებური ამოთხრა დაიწყო, შედეგად კი გაჩნდა დიდი ღრმულები, სადაც წყალი დაგროვდა. სწორედ ამიტომ იქაურებმა უარი თქვეს ავტომობილებზე და გადავიდნენ წყლის ტრანსპორტზე.
ცერმატი, შვეიცარია
ამ სოფელში, რომელიც შვეიცარიის ალპებში მდებარეობს, ავტომობილით შესვლას ასევე ვერ მოახერხებთ. აქ კანონით ავტომობილები აკრძალულია, ვინაიდან ისინი ჰაერს აბინძურებენ. თუმცა აკრძალვა ეხება მხოლოდ კერძო ავტომობილებს. სასწრაფო დახმარების, კომუნალური მომსახურების მანქანები და ტაქსი აკრძალული არ არის, თუმცა ყველა მათგანი ელექტრომობილებია. ამ სოფელში პოლიციაც კი ცხენით ან ველოსიპედით გადაადგილდება.
იდრა, საბერძნეთი
ბერძნულ კუნძულ იდრაზე არც ავტომობილებია და არც მოტოციკლები. ანუ არაფერი ისეთი, რაც ჰაერს აბინძურებს. ამის მიზეზი კი ნაკრძალის სტატუსია, რომელმაც ავტომატურად გამოიწვია აკრძალვა ნებისმიერი სახის ძრავიანი მანქანის გამოყენებაზე. ერთადერთი გამონაკლისი ამ კუნძულზე ნაგვის გადამზიდავი მანქანაა.
ვენეცია, იტალია
ეს კი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ბორბლებზე მხოლოდ ჩემოდნები გადაადგილდებიან. 2016 წლიდან აკრძალვაში მოჰყვა ველოსიპედებიც კი. ეს კი შეჯახების თავიდან არიდების და ისედაც ვიწრო ქუჩების გადატვირთულობის მოხსნის გამო მიიღეს. კანონის დამრღვევები 50 ევროთი ჯარიმდებიან. ვენეციაში მხოლოდ გონდოლებით გადაადგილდებიან.
ლამუ, კენია
ინდოეთის ოკეანის ამავე სახელწოდების კუნძულზე განთავსებულ ამ სოფელში ავტომობილები ვერ გაივლიან. ერთადერთი ავტომობილი აქ პოლიციის კომისარს ჰყავს. და ისედაც გზები ფართოც რომ იყოს, ამ ქალაქში შემომსვლელი გზას მაინც ვერ გაიკვლევდა, რადგან სახლები დანომრილი არ არის.
მაკინო-აილენდი, აშშ
ქალაქი შტატ მიჩიგანის შემადგენლობაშია და ტბა ჰურონის ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარეობს. ქალაქამდე მხოლოდ თვითმფრინავით ან კატერით თუ ჩააღწევთ. შემდეგ კი ან ფეხით, ან ველოსიპედით ან ცხენით მოგიწევთ გზის გაგრძელება. ქალაქში 1898 წლიდან ველა სახის ძრავიანი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. როგორც ჩანს, აქაურები შორსმჭვრეტელები იყვნენ და წინასწარ იცოდნენ, რომ ავტომობილების ეპოქაში ისინი მათ გარემოს დააბინძურებდნენ. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ტექნიკური და სასწრაფო მომსახურების ავტომობილებისთვის.
ლა-კუმბრესიტა, არგენტინა
ამ პატარა არგენტინულ ქალაქში ეკოტურიზმის მკაცრი კანონები მოქმედებს: ის გამონაკლისის გარეშე მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვისაა. ქალაქში შემსვლელ ტურისტს შესვლისას გადაეცემა გადაადგილების სქემა, სადაც ქუჩები დატანილი არ არის, ვინაიდან აქ უბრალოდ არ არის გზები. ქალაქში ორიენტირება კი მხოლოდ რესტორნებისა და სასტუმროების, ასევე მოსახვევების დასახელების მიხედვით ხდება. მთავარია არ აცდეთ, თორემ მოგიწევთ საწყის წერტილამდე დაბრუნება და ყველაფრის თავიდან დაწყება.
მდინა, მალტა
მდინას უავტომობილო ქალაქს ვერ ვუწოდებთ, იმიტომ, რომ ისინი აქ არიან, მაგრამ მანქანით გადაადგილების უფლება მხოლოდ ადგილობრივებს გააჩნიათ. საკუთარი ავტომობილით აქ შესვლა აკრძალულია როგორც ტურისტებისთვის, ასევე მალტის სხვა ქალაქების მცხოვრებთათვის. ცნობისათვის, მალტას დედაქალაქ ვალეტაშიც არ არის მარტივი ავტომობილით გადაადგილება, ვინაიდან აქ გზების უმეტესობა საფეხმავლოა.
კოკა კვირკველია