რა ოდენობის თანხაა საჭირო ბედნიერებისთვის?

რა საიდუმლო კავშირი არსებობს ფულსა და ბედნიერებას შორის...

გასულ კვირას საქმიანი სოციალური ქსელის LinkedIn-ის ავტორიტეტულმა მომხმარებლებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თუ რა ოდენობის თანხაა საჭირო ბედნიერებისთვის და რატომ არ უნდა დამალოს დასაქმებულმა თავისი ხელფასის ოდენობა.

ფელიქს სელმონი - Fusion-ის მთავარი რედაქტორი

:

ფელიქს სელემონი თავის სტატიაში - "რატომ არ ღირს ხელფასის ოდენობის გასაიდუმლოება" წერს, რომ საკუთარ ხელფასზე მოსაუბრე ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა, განსაკუთრებით კი იმათ შორის, ვინც სინამდვილეში დიდ თანხას გამოიმუშავებს.

"იმდენად, რამდენადაც კომპანიებს მართავენ ადამიანები, რომლებიც დიდძალ თანხას გამოიმუშავებენ, ჩამოყალიბდა ხელფასის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის კულტურა",- წერს სელმონი.

მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე მოულოდნელი მიზეზი, რის გამოც თქვენი ხელფასის დამალვა არ ღირს.

"პირველ ყოვლისა, ხელფასზე გაჩუმება ქალებისთვისაა ცუდი, რომელთაც გაჭირვებით უმატებენ ხელფასს მამაკაცებთან შედარებით. ის სიტუაცია, რომ მამაკაცები საიდუმლოდ ითხოვენ ხელფასის მომატებას და მათ ამას საიდუმლოდვე უსრულებენ, ხსნის იმას, თუ რატომ გამოიმუშავებენ მამაკაცები მთლიანობაში ქალებზე მეტ ხელფასს", - ამტკიცებს სელმონი.

გარდა ამისა, ხელფასის გასაიდუმლოება შესანიშნავი საშუალებაა ხელმძღვანელობისთვის, უპირატესობა მიანიჭონ და გამოყონ მათი "საყვარელი" თანამშრომლები - მიიჩნევს Fusion-ის რედაქტორი.

"დარწმუნებული ვარ ყველას გვიმუშავია ისეთ კომპანიაში, სადაც ერთადერთი საშუალება, რომ ხელფასი მოგიმატონ ან დაგაწინაურონ, არის კომპანიის ფაქტის წინაშე დაყენება, რომ თქვენ სხვა სამსახურში გადადიხართ. უეჭველად, ეს კომპანიის მართვის ყველაზე საზიზღარი საშუალებაა - სხვა სამსახურის ძიების სურვილი დანარჩენ თანამშრომლებსაც გაუჩნდებათ და მთელ თავის დროს სამსახურის ძებნაში დაკარგავენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამჟამინდელი ადგილი აწყობდეთ კიდეც",- ამბობს სელმონი..

"თუკი თქვენ მუშაობთ ისეთ კომპანიაში, სადაც ყველამ იცის ერთმანეთის ხელფასი, მაშინ თქვენ ძალიან გაგიადვილდებათ გაარკვიოთ, როგორ არის კომპანიაში ყველაფერი ორგანიზებული. ადვილად მიხვდებით, ვინ არიან "ვარსკვლავები" და რომელი ტალანტის და მონაცემების წახალისება ხდება - დაინახავთ ქალებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, თუ მამაკაცებს და დაგეხმარებათ თუ არა სხვა კომპანიაში გადასვლის მუქარა წინსვლასა და ხელფასის მომატებაში",- მიიჩნევს სელმონი. გარდა ამისა, რამდენადაც ხელმძღვანელობა მიხვდება, რომ დანარჩენები მაინც გაიგებენ ხელფასის შესახებ ინფორმაციას, იმდენად ნაკლები შიდაინტრიგები იქნება.

ბრიუს კაზანოფი, მარკეტოლოგი:

შესაძლოა, ბედნიერების ყიდვა ფულით, ან უფრო ზუსტად, გარკვეული ოდენობის თანხით მაინც შეიძლებოდეს. სწორედ ეს დასკვნა გამომდინარეობს გამოკითხვის შედეგად, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტმა ჩაატარა და რომელშიც 450 000 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევამ აჩვენა, რომ კეთილდღეობის ემოციური შეგრძნება მიიღწევა მაშინ, როდესაც ადამიანის საშუალო შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 75 000 დოლარია, მაგრამ არა ამაზე მეტი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს გარკვეული ზედა ზღვარი, რომლის იქეთაც ფული აღარ არის ადამიანის ბედნიერების დონის განმსაზღვრელი - ამტკიცებს კაზანოფი.

"ინტუიციურად ჩვენ ისედაც ვხვდებით, რომ ეს ასეც უნდა იყოს. როდესაც ადამიანს არ შეუძლია ნორმალურ სახლში ცხოვრება და მას არ ჰყოფნის თანხა ოჯახის გამოსაკვებად, დამატებითი შემოსავალი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის მდგომარეობას. მაგრამ, ამასთან ძალიან იშვიათად, რომ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრების უბედნიერეს წუთებად ის მომენტი მიიჩნიონ, როცა მათ ყველაზე მეტი ფული ჰქონდათ. თუკი თქვენი ხელფასი გაორმაგდება და ვთქვათ, წელიწადში 150 000 დოლარი იქნება, თქვენი ცხოვრების რაციონალური შეფასება გაიზრდება, მაგრამ ხელფასის გაზრდას ყოველთვის და უპირობოდ არ მოაქვს ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არ გახდის თქვენს საქმეს უფრო სასიამოვნოს, ხოლო ოჯახსა და ახლობლებს უფრო ახლობელს",- წერს კაზანოფი.