ინდონეზიის მთავრობამ ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომელთა შესაბამისადაც ქვეყანაში მხოლოდ ისეთი დიზელის საწვავის გამოყენება იქნება შესაძლებელი, რომელიც ბიოდიზელს შეიცავს.
საწვავზე ახალი მოთხოვნა მომავალი თვიდან შევა ძალაში. მისი მეშვეობით, სტიმული მიეცემა ქვეყანაში პალმის ზეთის წარმოებას და შემცირდება საწვავის იმპორტი.
ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან მთავრობაც და პალმის ზეთის მწარმოებლებიც, თუმცა ავტომფლობელები და ავტომწარმოებლები შიშობენ, რომ საწვავში ბიოდიზელის შერევა, ძრავების რესურსს შეამცირებს და მფლობელებს ბევრ პრობლემას შეუქმნის. გარემოს დამცველები კი ფიქრობენ, რომ ბიოდეზელზე მოთხოვნის ზრდა, ტყის საფარის განადგურების ისედაც მაღალ ტემპს, კიდევ უფრო დააჩქარებს.
ინდონეზიას დღეში 400 000 ბარელი ნედლი ნავთობი იმპორტზე შეაქვს და დაახლოებით ამდენივე ნავთობპროდუქტს ყიდულობს. ამგვარად, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ეს უდიდესი ქვეყანა, ბევრად არის დამოკიდებული ნავთობის იმპორტზე და მისი ეკონომიკა, ფასის რყევისადმი მგრძნობიარეა.
ახალი რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, საავტომობილო, სარკინიგზო და სამანქანო დანადგარების აგრეგატებისთვის განკუთვნილი დიზელის საწვავი, 20 პროცენტ ბიოლოგიურ შემადგენელს (B20) უნდა შეიცავდეს. ეს შემადგენელი პალმის ზეთი იქნება, რადგან ინდონეზიაში მას დიდი რაოდენობით აწარმოებენ. ახალი რეგლამენტის ავტორები ირწმუნებიან, რომ დიზელის საწვავში 20 პროცენტი ბიოლოგიური კომპონენტის შერევის წყალობით, ქვეყანა წლიურად მარტო საწვავზე დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს დაზოგავს.
ცნობისათვის, ეკონომისტების გათვლებით, ინდონეზიას საგარეო ვაჭრობაში წელს დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის უარყოფითი სალდო ექნება.