თურქეთი ემზადება, მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან ანგარიში ეროვნულ ვალუტაში აწარმოოს

თურქეთი ემზადება თავის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან და უკრაინასთან ანგარიში ეროვნულ ვალუტა ლირაში აწარმოოს. სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.მისივე თქმით, თუკი ევროპის ქვეყნებსაც მოესურვებათ დოლარს თავი დააღწიონ, ანკარა მზადაა, მათთანაც ასეთივე სახით აწარმოოს ანგარიში ვაჭრობის სფეროში.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთისთვის მიუღებელია მსოფლიო წესრიგი, რომლითაც მსოფლიოს გამოეცხადა ეკონომიკური ომი, ქვეყნებზე კი ხორციელდება ზეწოლა სანქციების დაწესების მუქარით. „მათ, ვინც ცდილობს თურქეთთან ანგარიშსწორება აწარმოოს, უნდა ესმოდეთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი და ქვეყანა, ვინც წარმატებას მიაღწევს მტრული პოლიტიკის წარმოებით ანკარას წინააღმდეგ“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც გახდა თურქი ხალხის ტანჯვის მიზეზი, ადრე თუ გვიან ამისთვის პასუხს აგებს. თურქეთის ლიდერის განცხადებით, ქვეყანამ დაისახა ამბიციური მიზნები და მათ მისაღწევად მიიწევს წინ - ის ნებისმიერი რყევებსა და მუქარებს გაუძლებს. „ვერავინ აიძულებს თურქეთს უარი თქვას საკუთარ მიზნებზე ეკონომიკაში, უკან დაიხიოს ტერორიზმთან ბრძოლაში. ამის შესახებ ღიად ვაცხადებ. თურქეთი არ შეიცვლის თავის პოზიციას სირიისა და ირანის მიმართ“, - განაცხადა ერდოღანმა.