მოსწავლეთა ტრანსპორტირებას მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა საირმეში გაიმართა და მას აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში შემავალი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.

„გაიმართა სამუშაო შეხვედრა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია - სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ, სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.

„დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხი, რასაც მომავალი წლიდან თვითმმართველობები უზრუნველყოფენ. ამ საკითხის გარდა, ჩვენ მზად ვართ, დეცენტრალიზაციის პროცესში, ბევრი სხვა უფლება და შესაძლებლობა გადავიტანოთ ადგილებზე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.