არსებული ცნობით, 2018 წელს საქართველოში უცხოელების რიცხვმა 80 000-ს გადააჭარბა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, 100 000-ზე მეტი იყოს.
ვინ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას
2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა
უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი იცვლება და მნიშვნელოვნად რთულდება. ცვლილებების შეტანა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში იგეგმება. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ივლიანე წულაიას
ეკუთვნით. დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. ცვლილებების თანახმად, ნებართვის მიღების საფუძველი გახდება ჩვენს ქვეყანაში 300 ათასი დოლარის ინვესტირება ან უძრავი ქონების ფლობა, რომლის ღირებულებაც 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. ამას გარდა, პროექტის მიხედვით, ინვესტორზე თავიდანვე მუდმივი ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა, მანამდე ინვესტორმა ჯერ 5 წლის ვადით საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უნდა მიიღოს. კანონპროექტის ავტორების აზრით, ბინადრობის მოწმობის მისაღებად კანონი საკმაოდ დაბალ თანხობრივ ცენზს აწესებს, რაც დღევანდელ რეალობაში და მიგრაციის არსებული დონის გათვალისწინებით რაციონალურ მინიმალურ ზღვარზე უფრო დაბალია. ეს კი, მათი შეფასებით, ხელს უწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადად, მატერიალურ სიდუხჭირეში მყოფი პირების) მასობრივ მიგრირებას.
საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე აქვს 95 ქვეყნის მოქალაქეს. "საქსტატის" განსაზღვრებით, იმიგრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირი, რომელიც ბოლო 12 თვეში 183 დღეს ან მეტხანს იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და, ამასთანავე, წინა 12 თვის განმავლობაში 183 დღე ან მეტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონდა გატარებული. ამ განმარტებით, 2016 წელს საქართველოში 90 228 იმიგრანტი იყო. 2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა.
როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ხშირად, შემთხვევების 53%-ში უძრავ ქონებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ, შემდეგ მოდიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და ა.შ. 2012-2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე 70 508 ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო 2017 წელს გაცემულია 1173 ბინადრობის ნებართვა (მოთხოვნის შემცირება დაკავშირებულია საქართველოში უვიზოდ ყოფნის წესების გამარტივებასთან). ქვეყნების მიხედვით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა გაიცა აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, ინდოეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებზე.
განსხვავებები შეინიშნება იმ მაჩვენებლებში, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები მიმართავენ განცხადებებით კონკრეტული ტიპის ბინადრობის ნებართვის მისაღებად. მაგალითად, შრომითი ბინადრობის ნებართვების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის, უკრაინის და ირანის მოქალაქეებზეა გაცემული. მუდმივი ცხოვრების ნებართვებს, ძირითადად, აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები იღებენ. სასწავლო ბინადრობის ნებართვების დიდი წილი ინდოეთის, ერაყის, ნიგერიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეებზე მოდის; ხოლო ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვები გაცემულია აზერბაიჯანის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებზე.
2012-2016 წლებში არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 408 პირის განაცხადი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, რაც ჯამში შესული განცხადებების დაახლოებით 12%-ია.
10-15 ბინადრობის მოწმობა ერთი ბინის გადაყიდვით?!
ილია წულაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი: "ამ კანონპროექტის ინიცირება უპირველესად იმან განაპირობა, რომ ჩვენს ბინადრობის მოწმობას უფრო მეტი ფასი დავადოთ. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია მოახდინა, ჩვენთან ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ბინადრობის მოწმობით მარტივად იღებენ ევროკავშირის ქვეყნის ვიზას. შესაბამისად, გვინდა მეტი მოტივაცია გავუჩინოთ უცხოელს, რათა მეტი ჩადოს საქართველოში ბინადრობის მოწმობის მისაღებად და ეს არ იყოს ფიქციური პროცესი, რისი მაგალითები ახლა, სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს.
მაგალითად, თუ მოქმედი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე იყიდდა საქართველოში, სულ ცოტა, 35 ათას დოლარად ღირებულ უძრავ ქონებას, მიიღებდა ბინადრობის მოწმობას, შემდეგ შეეძლო ეს ქონება გადაეფორმებინა თავისი მეგობრისთვის, მერე მასაც აეღო ბინადრობის მოწმობა და ა.შ. შესაბამისად, ამ გზით შესაძლებელი იყო, ფაქტობრივად, 10-15 ოჯახს ეს ერთი ბინა გამოეყენებინა ბინადრობის მოწმობის ასაღებად და არანაირი კონტროლის მექანიზმი კანონით არ იყო განსაზღვრული.
ახალი რედაქციით, უძრავი ქონების ღირებულების ზღვარი იზრდება 100 ათას დოლარამდე და ამ ქონების რეალიზაცია იქნება საფუძველი, რომ ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის მოწმობაც გაუუქმდეს, ანუ უძრავი ქონების ფიქციური ყიდვის საფუძველზე ბინადრობის მოწმობა აღარ გაიცემა.
ასევე ვცვლით საინვესტიციო ბინადრობის მოწმობის მოპოვების წესებსაც. მოქმედი კანონმდებლობით, თუ 300 ათასი ლარის ინვესტიციის საფუძველზე გაიცემა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ეს ზღვარი 300 ათას დოლარამდე გავზარდეთ და კონტროლის მექანიზმი ჩავდეთ, რომ ეს იყოს რეალური ინვესტიცია და არა ფორმალურად ბანკში თანხის გადმორიცხვა. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ინვესტირების შემდეგ გაიცემა მხოლოდ 5-წლიანი და არა მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ასევე ინვესტორს ყოველწლიურად ექნება ვალდებულება, რომ არანაკლებ 120 ათასი ლარის ბრუნვის დოკუმენტი წარადგინოს საგადასახადო სამსახურებიდან იმის დასტურად, რომ ფული ნამდვილად ბიზნესში აქვს დაბანდებული. თუ ამ დოკუმენტს ვერ წარადგენს, მისი ბინადრობის მოწმობა გაუქმდება.
იმ შემთხვევაში, თუ პირი 5 წლის განმავლობაში ამ დოკუმენტს ყოველწლიურად წარადგენს, მაშინ მას მუდმივი ბინადრობის უფლება მიენიჭება.
კანონპროექტს სამი კომიტეტის მხარდაჭერა უკვე აქვს. მისი გატანა საგაზაფხულო სესიებზე ვეღარ მოესწრო, მაგრამ ველოდებით, რომ სექტემბრის მიწურულს ან ოქტომბრის დამდეგს კანონი ამოქმედდება, რადგან პოზიციები შეჯერებულია მთავრობასთანაც და ვფიქრობ, სწრაფი ტემპით გავალთ ბოლოში".
"საკუთარი ინტერესების დაცვა არა სასურველი, არამედ აუცილებელია"
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გარე ფაქტორები უდიდეს გავლენას ახდენენ არა მარტო მისი ეკონომიკისა და ვალუტის მდგომარეობაზე, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, განწყობასა და ქცევის მოტივაციაზე, მათ შორის, მიგრაციული თვალსაზრისით. ამიტომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფოში შექმნას მოსახლეობისთვის ხელსაყრელი ეკონომიკური, კულტურული და სხვა პირობები, იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალი უცხოეთში და უცხოელებს გაცილებით მეტი და დიდი ოდენობით აქვთ. იმდენად პატარაა საქართველოს ეკონომიკა, რომ მის მთლიან შიდა პროდუქტზე მეტი ღირებულების აქტივები მსოფლიოს 86 მილიარდერს, ცალ-ცალკე აღებულს, აქვს. ამიტომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, მაქსიმალურად დაიცვას შიდა ბაზარი და იმავდროულად, ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები. თუ რამე გაკეთდება მოსახლეობისა თუ მეწარმეების ინტერესების დასაცავად, ეს უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ამა თუ იმ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქსენოფობიური გამოვლინება, არამედ როგორც ადგილობრივი ბაზრის ინტერესების დაცვა.
აშშ ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ თვით მისი ხელისუფლებაც კი ბოლო პერიოდში ინტენსიურად იცავს შიდა ბაზარსა თუ სამუშაო ძალას და ამის მაგალითია უმუშევრობის დონის შემცირება ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა და რიგი სხვა პოზიტიური შედეგები. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება იქნება გამართლებული, თუ ის ქვეყნისა და მოსახლეობის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე იზრუნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოვჩნდეთ არასახარბიელო მდგომარეობაში და ჩვენი სტუმარმასპინძლობის პოლიტიკა ეროვნულ ბედოვლათობაში ჩაგვეთვალოს".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"