გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებაზე სახელმწიფო 10 მლნ ლარს დახარჯავს

კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვის, გადამუშავების, დასაწყობებისა და შენახვისთვის სახელმწიფო კომპანია სს „აკურა“ 10 მლნ ლარად გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.განხილვის საბოლოო თარიღი 14 აგვისტოა.

ამის მიზანი კი მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარებაა, რადგან ყურძნის მოსავალი ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული.

„ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ვენახების სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით გრძელდება თვენახევარი - ორი თვის განმავლობაში და მეორე არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეების შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი. ძირითადად რთველის პროცესში შესყიდვის ობიექტი არის ყურძენი, რომლის შესყიდული რაოდენობის შესაბამისად მოხდება მისი გადამუშავებისთვის საჭირო ტარის, დამხმარე მასალების, ტექნიკური აღჭურვის და სათადარიგო ნაწილების და მომსახურების (ყურძნის გადამუშავების მომსახურება, მიღებული სითხეების შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურება, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობა და საბანკო მომსახურება) განსაზღვრა. ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტების შესყიდვის ობიეტების რაოდენობისა და მოცულობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია შესყიდული ყურძნის რაოდენობაზე, რომელიც ასევე წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს ატარებს, რადგან შეუძლებელია ყურძნის საერთო საპროგნოზო მოსავლის რაოდენობიდან წინასწარ განისაზღვროს, რა რაოდენობის ყურძენი დარჩება ბაზარზე კერძო კომპანიების მიერ შეუსყიდავი,“ - აღნიშნულია მიმართვაში.

“აკურა”, რომელიც ფლობს ღვინის საწარმოებს კახეთის რეგიონში და რეგიონის ყურძნის მოსავლის ნაწილს იბარებს, 2015 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საკუთრებაში გადაეცა.