ბაზარს ისევ პოლიტიკა წარმართავს

ვინ იფიქრებდა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვა უკანა პლანზე გადაიწევდა და ყურადღების ცენტრში, ჩვენი მეზობელი თურქეთი მოექცეოდა.

ამ ქვეყნის ამერიკასთან დაპირისპირება, ადგილობრივი ვალუტის მკვეთრ გაუფასურებაში გადაიზარდა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ თურქეთმა ამერიკელი ევანგელისტი პასტორის გათავისუფლება არ ისურვა, ამაზე კი ამერიკამ სანქციებით უპასუხა.

თურქული ლირა ამერიკულ დოლართან წყვილში, ერთ დღეში 12 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა შემდეგ დანაკარგის ნაწილი აინაზღაურა და 15 პროცენტს „დასჯერდა“. თურქეთის 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ლირის ასეთი მკვეთრი გაუფასურება პირველად დაფიქსირდა.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. თურქეთი იმუქრება, რომ მეგობრებს „სხვაგან“ მოძებნის. ამერიკას კი ეს ჯერ „არ ესმის“. ბაზრისთვის მთავარი ისაა, რომ ასეთ სიტუაციაში, ინვესტორები რისკიან აქტივებს ერიდებიან და რისკებისგან თავშესაფარ აქტივებს - იაპონურ იენს, ოქროს და ამერიკულ დოლარს ეტანებიან.

ნატოელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების საბაბს პასტორი ენდრიუ ბრანსონი ჰქვია. თურქეთში ის 2016 წელს დააპატიმრეს და ბრალად იმავე წელს არშემდგარ სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა წაუყენეს.

მოკლედ, შტატების მიერ თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაორმაგებას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიიპ ერდოღანი, თანამოქალაქეებისადმი ასეთი მოწოდებით პასუხობს - ის დოლარები, ევროები და ოქრო, რომლებსაც მუთაქის ქვეშ ინახავთ, ლირაზე გადაცვალეთო. და კიდევ - „მათ თავისი დოლარი აქვთ, ჩვენ კი ჩვენი ღმერთი გვყავს“.

ლირის პარალელურად, ცუდი დრო რუსულ რუბლსაც დაუდგა, რომელიც დოლართან წყვილში, 2016 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა დაცემული. შტატები ამ შემთხვევაში, რუსულ სახელმწიფო ბანკებს ერჩიან და რუბლის გაუფასურებაც ამის შედეგია.

პოლიტიკის ფონზე, უკანა პლანზე გადავიდა ეკონომიკური სტატისტიკური მაჩვენებლები. მათ შორის, შეერთებული შტატების საცალო გაყიდვების მონაცემები, რომლებსაც ქვეყნის ვაჭრობის დეპარტამენტი ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. პროგნოზის შესაბამისად, ივლისში გაყიდვების ზრდა 0.2 პროცენტი იქნება.

საავტომობილო სექტორის გამოკლებით, საცალო გაყიდვების ზრდა 0.4 პროცენტი უნდა იყოს. როგორც წესი, საცალო გაყიდვების ზრდა, ეკონომიკის ზრდასთან არის კორელაციაში და პირიქით. სამომხმარებლო ხარჯების ზრდაზე აშშ-ის ეკონომიკის ზრდის დაახლოებით 70 პროცენტი მოდის.

ჩინეთი ასევე ოთხშაბათს გამოაქვეყნებს სამრეწველო წარმოების სტატისტიკას. ანალიტიკოსთა პროგნოზით, სექტორში 6.3-პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. ცნობისათვის, წინა თვის ანალოგიური მაჩვენებელი 6.0 პროცენტი იყო. ჩინეთივე საცალო გაყიდვების და ძირითად კაპიტალში ინვესტირების სტატისტიკას გამოაქვეყნებს.

და ბოლოს, ბრიტანეთში ოთხშაბათს ინფლაციის ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდება. ანალიტიკოსთა პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.5 პროცენტი უნდა იყოს, რაც ივნისის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ძირეული ინფლაცია კი 1.9 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი.

ბრიტანეთის ეკონომიკას მეორე კვარტალში გამოცოცხლება დაეტყო, თუმცა ამის მიუხედავად, სტერლინგი პოზიციებს თმობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბრექსიტამდე რვა თვით ადრე, ბრიტანეთს ევროკავშირთან ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.