თურქული ლირის ვარდნამ სავალუტო ბაზარი შეარყია

თურქული ლირის მკვეთრი ვარდნის კვალად მსოფლიოს სავალუტო ბაზარზე, ძლიერი რყევები ფიქსირდება.

ინვესტორები რისკიან აქტივებს გაურბიან და ეგრეთ წოდებულ რისკებისგან თავშესაფარ ვალუტებში აბანდებენ საკუთარ სახსრებს. ასეთები კი იაპონური იენი, შვეიცარიული ფრანკი და ამერიკული დოლარია.

აზიური სავაჭრო სესიის დაწყებამდე, ინვესტორებმა რისკიანი აქტივების მოშორება და იენის შესყიდვა დაიწყეს, ევროპული სესიის გახსნის შემდეგ კი, შვეიცარიულ ფრანკზე მზარდი მოთხოვნა გაჩნდა. ამის წყალობით, ფრანკი ევროსთან წყვილში, ბოლო წლის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა.

ვარდნა ფიქსირდება განვითარებადი ქვეყნების ვალუტებზე. მაგალითად, სამხრეთ აფრიკული რანდი 3.1 პროცენტით გაუფასურდა, მისი ვარდნის პიკში კი გაუფასურებამ 10-პროცენტიან ზღვარსაც კი მიაღწია. რუსული რუბლი 0.8 პროცენტით შემცირდა, მექსიკური პესო კი - 1.5 პროცენტით.

რაც შეეხება თურქულ ლირას, ის დოლართან წყვილში ჯერ 7.24-მდე დაეცა (1 დოლარი - 7.24 ლირა), რაც ამ ვალუტის რეკორდულად დაბალი კურსია, შემდეგ კი ოდნავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაკმა გამოაცხადა, რომ მთავრობას შემუშავებული აქვს ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმა.

„ბაზარი შიშობს, რომ აშკარაა განვითარებადი ქვეყნების სრულმასშტაბიანი კრიზისის დასაწყისი“, - ამბობს „კომერცბანკის“ სავალუტო ბაზრის სტრატეგი ულრიხ ლოიხტმანი. ის პარალელს ავლებს აზიის 1997 წლის ფინანსურ კრიზისთან, რომელმაც ის ქვეყნებიც კი ჩაითრია, რომელთა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარად გამოიყურებოდა.

ლოიხტმანი დასძენს, რომ ამჯერად სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია, რადგან ბევრი განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, თავდაჯერებას ავლენს, რაც შესაბამის ვალუტებზე საპროცენტო განკვეთების ზრდაში აისახება. მისი თქმით, კრიზისი იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ბაზარს თურქულ კრიზისზე გვიანი რეაქცია ჰქონდა.

თურქული კრიზისის პარალელურად, გაუფასურდა ევრო, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) განცხადებამ ავნო. მასში ნათქვამია, რომ ECB-ს ესპანეთის, საფრანგეთის და იტალიის ბანკების მდგომარეობა აშფოთებს. გარდა ამისა, ევროზე უარყოფითი გავლენა, თურქულმა კრიზისმაც იქონია.

საერთო ჯამში, დოლარის ინდექსი 0.1 პროცენტით, 96.463-მდე გაიზარდა. ევროს კურსი 1.1365 დოლარამდე შემცირდა, რაც ბოლო 13 თვის მინიმალური მაჩვენებელია. იენი 0.6 პროცენტით გაიზარდა, რის შემდეგაც 1 დოლარის ფასი 110.265 იენამდე შემცირდა. 0.5 პროცენტით გამყარდა შვეიცარიული ფრანკი, რის შემდეგაც 1 დოლარის ფასმა 0.9945 ფრანკს მიაღწია. ევრო იენთან 1 პროცენტით გაუფასურდა და 1 ევროს ფასმა 125.27 იენამდე დაიწია, რითაც ბოლო ორწელიწადნახევრის უდაბლეს მაჩვენებელს (125.26 იენი) მისწვდა.