ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა პაატა ბაირახტარმა ლარის გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, გაუფასურების კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა. „საპანიკო არაფერი ხდება. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი - ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს ლარი იწყებს გაუფასურებას - ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ინვესტორები იწყებენ ბაზრიდან დოლარის ამოღებას, ლარის ბრუნვა ბაზარზე იზრდება და იზრდება წნეხი ჩვენს ვალუტაზე“ - აცხადება ექსპერტი.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, პაატა ბაირახტარი პასუხობს, რომ საქართველოს მიკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვის არის პოზიტიური, რაც უზრუნველყოფს ვალუტის შემოდინებას.
„აქტიური ტურისტული სეზონია, გადმორიცხვებიც გაზრდილია და ფუნდამენტური მიზეზი, რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება არ არსებობს. ამიტომ ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.