გუშინ თურქული ლირას გაუფასურებამ დამატებითი კითხვა გააჩინა - ხომ არ აისახება ლირას გაუფასურება სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტაზე?
ამ კითხვას მნიშვნელობას ისიც მატებს, რომ გუშინ არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 5%-ით გაზარდა და 45% შეადგინა. გარდა ამისა, გაუფასურდა სამხრეთ აფრიკის ვალუტაც. სწორედ ამაზე იყო დამყარებული ეჭვი, ხომ არ აისახება საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით კი განვითარებად ბაზრებზე თურქული ვალუტის გაუფასურება.
პასუხი ამ კითხვაზე უარყოფითია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. პირველ მიზეზად ის სახელდება, რომ თურქეთი არ არის იმ ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო ვითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს. თურქული ლირას გაუფასურება შეიძლება შეეხოს რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ ბანკს, რომლებსაც სესხები დოლარში აქვთ გაცემული. ეს ბანკებია ესპანური BBVA და იტალიური Unicredit. ამ ორს განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს ლირას გაუფასურება, თუმცა ეს ევროპულ ბაზრებზე ვერ მოახდენს გავლენას - ევროზონის ქვეყნების ეკონომიკა სტაბილურ მდგომარეობაშია, საკმარისად სტაბილურ მდგომარეობაში საიმისოდ, რომ თურქეთის მცირე პრობლემებს გაუმკლავდეს,- წერს „დოიჩე ველეს“ ბიზნეს-რედაქტორი ჰენრიკ ბუმე (Henrik Böhme).
იგივე ავტორი აღნიშნავს, რომ არავინ არის ახლა დაინტერესებული თურქეთში ეკონომიკური კრიზისით. ამ აზრს ამყარებს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადება თურქეთთან მიმართებით:
„არავინ არის დაინტერესებული თურქეთში ეკონომიკის დესტაბილიზაციით. თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს. გერმანიას ეკონომიკურად განვითარებული თურქეთის არსებობა სურს. ეს არის ჩვენი ინტერესი“ - მერკელის ეს განცხადება აჩვენებს, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი არ არის ხელსაყრელი არც ევროპისთვის. თურქეთის არის ქვეყანა, რომელმაც მილიონობით მიგრანტი შეიფარა საკუთარ ქვეყანაში და არ მისცა ევროპაში გადასვლის საშუალება.
არ არის გამორიცხული ხანგრძლივი კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უარი თქვას მიგრანტების შეკავებაზე, რაც ევროპისთვის ახალი თავსატკივარი იქნება უკვე არსებული პრობლემების - ბრექსიტისა და შეერთებული შტატების არაპროგნოზირებადი სავაჭრო პოლიტიკის ფონზე.
ჰენრიკ ბუმე იმასაც აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს გამორიცხულია არ ჰქონდეს თურქეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმა. მაგალითად მას 2002 წელი მოჰყავს, როცა თურქული ლირას ინფლაცია 40%-ს შეადგენდა, ქვეყანას კი უმუშევრობის მაღალი დონე ემუქრებოდა.
რამ გადაარჩინა მაშინ თურქეთი? - თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებამ ზუსტად შეესრულებინა სავალუტო ფონდის მოთხოვნები.
მართლაც, თუკი უფრო მასშტაბურად შევხედავთ, თურქეთში ეკონომიკური კრიზისი ერდოღანის დამსახურებაა. მისი ეკონომიკური ხედვა, ის რომ ცენტრალური ბანკის არსებობაში სარგებელს ვერ ხედავს და ინფლაციის მატების პარალელურად საპროცენტო განაკვეთის ზრდას ეწინააღმდეგება, თურქეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ თურქეთში ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური ვითარების გამოსწორება პირადად ერდოღანზეა დამოკიდებული. ამერიკული სანქციები, რაც ნაწილობრივ ამერიკელი პასტორის დაკავების გამოც დაწესდა, არის გაფრთხილება თურქეთის მიმართ, რომ თუ ის გააგრძელებს ახლანდელ პოლიტიკას და ერთპიროვნული მმართველობის გზას დაადგება, მაშინ გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს თურქეთისთვის.
იოანე შაიშმელაშვილი