საქართველოს ცემენტის ასოციაციამ მეოთხე ფარული ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა, საქართველოში ცემენტის 21 სახეობიდან ევროპული სტანდარტი EN197-1 მხოლოდ 9-მ დააკმაყოფილა, რომლებსაც 5 სხვადასხვა კომპანია აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, 12-მა ვერ გადალახა ბარიერი.
ცემენტის ასოციაციის ხელმძღვანელის პოლ როძიანკოს განცხადებით, რაც უფრო იზრდება საქართველოში ცემენტზე მოთხოვნა, მით უფრო დიდი რაოდენობის ცუდი ხარისხის ცემენტი შემოდის.
„შემოწმებული პროდუქტიდან, 7 ნიმუშის შემთხვევაში კრიტიკულად დაბალი სიმტკიცის ზღვარი დადგინდა, ეს შეიძლება ითქვას, რომ არის ყალბი ცემენტი, რაც მომავალში აუცილებლად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლებს,“- განაცხადა პოლ როძიანკომ.
როძიანკო მომხმარებლებს ურჩევს, არ შეიძინონ ისეთი ცემენტი, რიმლის შეფუთვასაც არ ეწერება წარმომავლობა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია მთავრობას ცემენტის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ორი წლის განმავლობაში საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ცემენტის 168 ნიმუში შეამოწმა, საიდანაც მხოლოდ 27% აკმაყოფილებდა EN19-1-ს სტანდარტებს. 2017 წლის აპრილში შემოწმებული ნიმუშების 32%, ხოლო 2017 წლის ივლისში 15% იყო EN სტანდარტების შესაბამისი.
ქრისტინე გამთენაძე