"თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება"

თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12% ფარგლებში მერყეობს,- ასე უპასუხა ქობულეთის მოსახლეობის პროტეტს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრევენციის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არაერთი ღონისძიება გატარდა და სამუშაოები სამომავლოდაც გაგრძელდება.

„თხილის მასიური გაფუჭება განპირობებულია ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების მიერ, რომელსაც დროული წამლობა სჭირდება, ადრე გაზაფხულიდან. თხილის გაფუჭება მთლიანად ფაროსანას ბრალი არ არის, ფაროსანას გამოწვეული ზიანი მხოლოდ 11-12%-ის ფარგლებში მერყეობს. სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის და მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით არაერთი ღონისძიება იქნა განხორციელებული. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დარიგდა სპეციალური პესტიციდები. მნიშვნელოვანია მათი ინსტრუქციის მიხედვით მოხმარება, ისევე როგორც აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილების განცხადებით, თხილი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო და აჭარის მთავრობას მოუწოდებენ, რომ კომპენსაცია გასცეს. აქციის მონაწილეებს ქობულეთის საკრებულოს და აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ.