ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, შრომის ინსპეტირების შესახებ კანონის ბიზნესის ყველა სექტორზე გავრცელება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი.აღნიშნულის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიებისა და შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ყველა თანხმდება, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთ საწარმოებში, სადაც არის მომეტებული საფრთხეები და შრომისთვის მავნე პირობები. რაც შეეხება თვითონ მიდგომას კანონმდებლობის მიმართ, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც სვამს ბიზნესი კანონპროექტის ავტორების მიმართ და ამ კანონმდებლობის მიმართ არსებობს გარკვეული შენიშვნები. ეს შენიშვნები არის საყურადღებო, რადგან ერთია, რომ არსებობს კანონმდებლობა და მეორეა როგორი იქნება მისი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, კერძოდ ის, რომ საკითხის გადასაჭრელად მხოლოდ დაჯარიმება არ არის გამოსავალი. აქ მთავარია, სადაც მომეტებული საფრთხეებია, იქ იქნას პროცესი ისე წარმართული, რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ინსპექტირება იყოს გარკვეულ სტანდარტში, ის არ ეფუძნებოდეს ბიზნესისთვის რაღაც დამატებითი ტვირთის ფუნქციის შესრულებას, რადგან ეს ბიზნესის მხრიდან აღიქმება სენსიტიურად. არის რიგი საკითხები, შენიშვნები, რომელიც ბიზნესთან ერთად გვაქვს ჩამოყალიბებული და ამ კანონპროექტის განხილვის პროცესში აქტიურადაა ჩართული ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს საკითხები იქნას გათვალისწინებული. ასევე მივიჩნევთ, რომ მისი გავრცელება ყველა სექტორზე ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რადგან ყველგან ამის საჭიროება არ არის", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემაც. მისი განცხადებით, რამდენიმე ათეული ინსპექტირება უკვე ჩატარდა და სტატისტიკა მომდევნო თვეებში იქნება ცნობილი.
„პირველი აგვისტოდან შევიდა სანქცირების მექანიზმი ძალაში, რომელმაც შრომის ინსპექციას მიანიჭა მანდატი, რომ არანებაყოფლობითი ინსპექტირება განეხორციელებინა. შესაბისად, სტატისტიკა აგვისტოს თვიდან იწყებს ათვლას. მომდევნო თვეებში ჩვენ შევძლებთ, რომ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ იმ სურათის შესახებ, რაც შრომის ბაზარზე არსებობს. სახელმწიფოს მხრიდან ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ შრომით ურთიერთობებში გარკვეული ბალანსი იყოს დაცული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.