ციფრული ვალუტების ბაზარზე დიდი ვარდნაა - ტოპ ათეულში შემავალი ვალუტების ფასებზე დღეს მკვეთრი კლება დაფიქსირდა.მათ შორის, ყველაზე მეტად ეთერიუმმა იზარალა, რომლის ფასსაც რამდენიმე საათში 20 პროცენტზე მეტი დააკლდა. ეთერიუმთან ერთად, მკვეთრად ეცემა ბიტკოინ ქეშის, ლაიტკოინის და რიპლის ფასები.
ამის მიზეზი გახდა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იმ ინვესტორებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული პირველადი მონეტის შეთავაზების (ICO) პროცესში, ეთერიუმს ყიდულობდნენ, ფულადი სახსრები ამოეწურათ.
ბიტფაინექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ეთერიუმის ფასს 20.7 პროცენტი დააკლდა და ის 266.4 დოლარამდე შემცირდა. შედარებით ნკლები იყო ბიტკოინის ვარდნა - მისი ფასი 6.4 პროცენტით, 5 971.0 დოლარამდე შემცირდა. პოლონიექსის პლატფორმაზე, რიპლს ფასის 14.0 პროცენტი დააკლდა და ის 0.26296 დოლარამდე შემცირდა. ლაიტკოინი კი 13.1 პროცენტით, 52.296 დოლარამდე დაეცა.
როგორც წესი, ICO-ების პროცესში, ეთერიუმის ბლოკჩეინს იყენებენ. სწორედ ამ გარემოებამ შეუწყო ხელი იმას, რომ გასული წლის ბოლოს ეთერიუმის ფასი 1 000 დოლარს ასცდა. მაგრამ ბლუმბერგი იუწყება, რომ იმ ინვესტორებს, რომლებიც ICO-ებს ატარებდნენ, ფულადი სახსრები გამოელიათ და ხარჯებს ვეღარ ფარავენ. ამან ბაზარზე ნამდვილი პანიკა გამოიწვია.
„დამწყებმა კომპანიებმა ICO-ს მეშვეობით, უზარმაზარი ფულადი სახსრები მიიღეს, მაგრამ მათ ფინანსების მართვის ნაკლები გამოცდილება აქვთ, რის გამოც, გაყიდვას მეტისმეტად ადრე იწყებენ და ბაზარზე ძლიერ ზეწოლას იწვევენ. შარშან ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ როცა ბაზარმა კლება დაიწყო, ზეწოლაც გაიზარდა“, - ამბობს ციფრული ვალუტების სფეროში მომუშავე ჰეჯ ფონდ „ბლუმ უოტერ კეპიტალის“ ანალიტიკოსი ბისვა დასი.
„კოინმარკეტკაპის“ მონაცემებით, ამჟამად ეთერიუმის ფასი 264 დოლარის ფარგლებშია. ეს კი ბოლო 9 თვის მინიმალური მაჩვენებელია. კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი ციფრული ვალუტის ფასს წელს დაახლოებით 60 პროცენტი დააკლდა. ბისვა დასი დასძენს, რომ ინვესტორებს ეთერიუმის გაყიდვის პროცესი ჯერჯერობით არ დაუსრულებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასის ვარდნა დასრულებული არ არის.