საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს

შვიდწლიანი ლიდერობის შემდეგ საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების მსოფლიო რეიტინგში ავსტრალიის ქალაქ მელბურნმა პირველი ადგილი დაკარგა. წელს ის მხოლოდ მეორე ადგილზეა.

Economist Intelligence Unit's 2018-ის რეიტინგში პირველ ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი ვენაა, რომელმაც 99,1 ქულა მიიღო და სადაც, როგორც კვლევის ავტორები წერენ, 140 ქალაქს შორის ყველაზე მაღალ დონეზეა სტაბილურობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ეკოლოგია.

კვლევის ავტორების განცხადებით, ავსტრიის დედაქალაქმა აიმაღლა უსაფრთხოების მონაცემები, მას შემდეგ, რაც შემცირდა ტერორისტული თავდასხმები.

მხოლოდ მელბურნის ჩამოქვეითება არ არის წლევანდელ რეიტინგში მთავარი მოვლენა, ასევე აღსანიშნავია, რომ ათეულში დაწინაურდნენ იაპონური ქალაქები - ტოკიო და ოსაკა. ისინი მესამე და მეშვიდე ადგილებზე განთავსდნენ. ამაში კი მათ ხელი შუწყო კრიმინალის შემცირებამ და ტრანსპორტის დონის გაუმჯობესებამ.

გასული წლის მეცხრე და მეათე ადგილოსნები ჰამბურგი და ჰელსინკი კი წელს ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ.

წელს მეცხრე ადგილზეა კოპენჰაგენი, რომელიც მხოლოდ მეორე ევროპული ქალაქია ათეულში.

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიამ წელს ლიდერი პოზიცია დაკარგა, ამ ქვეყნის სამი ქალაქი მაინც მოხვდა ათეულში, მელბურნის შემდეგ მეხუთე და მეათე ადგილებზე ადელაიდა და სიდნეი განთავსდნენ.

ტრადიციულად კარგად პოზიციონირებს კანადა: ტორონტო ტოკიოსთან ერთად მეშვიდე-მერვე ადგილზეა, ხოლო კალგარი და ვანკუვერი მეოთხე და მეექვსე ადგილებზე არიან.

საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების ტოპ-10

1. ვენა, ავსტრია

2. მელბურნი, ავსტრალია

3. ოსაკა, იაპონია

4. კალგარი, კანადა

5. სინდეი, ავსტრალია

6. ვანკუვერი, კანადა

7. ტორონტო, კანადა

8. ტოკიო, იაპონია

9. კოპენჰაგენი, დანია

10. ადელაიდე, ავსტრალია

კოკა კვირკველია