ტრამპი „ჰარლი დევიდსონის“ ბოიკოტს ემხრობა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს მოტოციკლების ამერიკელი მწარმოებლის, „ჰარლი დევიდსონის“ ბოიკოტირებას.ეს საკითხი ფოლადზე გაზრდილ ტარიფებს ეხება, რის გამოც, კომპანია ევროპული ბაზრისთვის წარმოებას უცხოეთში გეგმავს.

შტატ ვისკონსინში ბაზირებულმა კომპანიამ გამოაქვეყნა თავისი ახალი გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ევროკავშირში გასაყიდად განკუთვნილი მოტოციკლები საზღვარგარეთ უნდა აწარმოოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპიდან შეტანილ ფოლადზე და ალუმინზე, რომლებსაც „ჰარლი დევიდსონი“ იყენებს, ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფები გაზარდა.

ამის პასუხად, ტრამპმა „ჰარლი დევიდსონი“ გააკრიტიკა და დაიმუქრა, რომ მას მიზნობრივ ტარიფებს დაუწესებს და უცხოურ კომპანიებს წაახალისებს, რათა კონკურენცია გაზარდოს.

„მათი მოტოციკლების ბევრი მწარმოებელი მზადაა, ჰარლი დევიდსონს ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ ის წარმოებას უცხოეთში გაიტანს. შესანიშნავი! ჰარლის ბევრი კონკურენტი კომპანია ჩვენი მიმართულებით მოძრაობს. ნამდვილად ცუდი სვლაა! აშშ-ში მალე ყველა თანაბარ პირობებში იქნება“, - წერს ტრამპი თავის ტვიტერზე.

„ჰარლიმ“ გამოაცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მეტალებზე ტარიფების გაზრდა, მას წელს 30-დან 45 მილიონ დოლარამდე ზარალს მოუტანს, მომავალ წელს კი დანაკარგი 90-100 მილიონი დოლარი იქნება.

შაბათს ტრამპი იმ ბაიკერებს შეხვდა, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ბედმინსტერის (შტატი ნიუ ჯერსი) გოლფის კურორტზე, სადაც ტრამპი შვებულებას ატარებს, მასთან შესახვედრად 180 ბაიკერი მივიდა.

ამერიკაში „ჰარლი დევიდსონის“ გარდა, მოტოციკლებს რამდენიმე კომპანია აწარმოებს. გარდა ამისა, ამერიკაში მოტოციკლებს უცხოური კომპანიებიც ჰყიდიან, მათ შორის იაპონური „ჰონდა“, „იამაჰა“, „კავასაკი“ და „სუზუკი“, გერმანული „ბეემვე“, იტალიური „დუკატი“, ასევე ინდური „ჰერო“ და „ბაჟაჟი“.