ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის კურსის გაუფასურებას თურქეთსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. როგორც ცომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ სადამდე გაგრძელდება ლარის კურსის ვარდნა, ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც ამ დროისთვის არავის აქვს.
„ეს ის შეკითხვაა, რომელზე პასუხიც არც მე მაქვს და არც სხვას. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ მიზეზებზე, თუ რატომ უფასურდება ლარი. ეს დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რაც თურქეთსა და რუსეთში მიმდინარეობს. აქაც არის მოლოდინი, რომ ლარის კურსი გაუფასურდება და მოლოდინი უბიძგებს ადამიანებს, რომ მოიშორონ ლარი. მოლოდინი აკეთებს იმას, რომ ლარი უფასურდება. როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი დამოკიდებულია ამ ქვეყნებში როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად, აქ როდის ჩათვლიან ადამიანები და დააფიქსირებენ თავიანთ ცნობიერებაში, რომ ეს არის ზედა ჭერი, რომლის იქითაც ლარი აღარ გაუფასურდება. ყველა ფიქრობს, რომ კურსის ვარდნა სადღაც უნდა გაჩერდეს და ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ზედა ჭერი რა არის, ეგ არავინ იცის“, - განაცხადა ცომაიამ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6343 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6343 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5694 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0649 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0047 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9242 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0805 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.