თბილისის მერიამ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა და მშენებელს სხვა, ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხს, რომელიც წერეთელზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ადგილზე მიმდინარეობდა, თბილისის მერი კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ განმარტა, ტერიტორია, სადაც ახალი მშენებლობა დაიგეგმა, სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს და ადგილობრივების სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მერმა ფოტო-მასალაც წარადგინა და აღნიშნა, რომ სასტუმროს “ჩაკვეხება“ შუა ადგილზე უნდა მომხდარიყო.
ამ კონტექსტში კალაძემ ისიც განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა მერიის მიერ მათივე მმართველობის პერიოდშია გაცემული.
“სამწუხაროა, რომ ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა - ეს გაიპარა, ნებართვა არ უნდა გაცემულიყო! ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ნებართვა არის გაუქმებული. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც ეს კონკრეტული ტერიტორია იყო. შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ადგილმონაცველობას. მინდა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, თბილისის მერმა დიდუბის გამგებელს აღნიშნულ ადგილზე სკვერის მოწყობა დაავალა.