„თბილისში, დაახლოებით, 179 დაუსრულებელი მშენებლობაა“ - კალაძე დეველოპერებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

კახა კალაძე თბილისში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად სამშენებლო კომპანიებს წინადადებების წარმოდგენის თხოვნით მიმართავს.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ სამშებებლო კომპანიებს და დეველოპერებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მშენებლობები რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დასრულდეს.

"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვისაუბრეთ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე, რომელიც ბლომად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა. ილია ელოშვილი მუშაობდა ამ მიმართულებით. დაახლოებით, 179 ობიექტია. არსებულ მდგომარეობაზე მე მქონდა საუბარი ბატონ პრემიერ- მინისტრთან. მინდა გითხრათ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან, პრემიერისგან არის სრული მხარდაჭერა რომ პრობლემა იქნას მოგვარებული.

მინდა ირაკლი ხმალაძეს და ილია ელოშვილს დავავალო, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. ასევე მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. არსებობს პრობლემა ქალაქში წლობით დაუმთავრბელი შენობა-ნაგებობების და მზად ვართ, იაქტიუროთ, მობრძანდით და თქვენი წინადადებები მოიტანეთ. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში არ გვქონდეს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები. პირველ რიგში პრობლემაა იერსახის თვალსაზრისით, რაც მგონია, რომ დისკომფორტს წარმოადგენს. ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ცენტრალურ უბნებში და რაიონებში ვხედავთ ასეთ შენობა-ნაგებობებს და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს მერიის მიმდებარე ტერიტორია და მგონია, რომ არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორც გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვს გადახდილი და წლებია ელოდება საკუთარ ფართებს. მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური თანადგომა შევთავაზოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომ მოხდეს ამ შენობა-ნაგებობების დასრულება და მგონია, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.