თბილისის ტერიტორიაზე ხეების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა მოიჭრას

თბილისის ტერიტორიაზე ხეების გარკვეული რაოდენობა შესაძლოა მოიჭრას. თუ რა რაოდენობის ხეების მოჭრა გახდება საჭირო, კვლევის შედეგად დადგინდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გეოგრაფიკი“ ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე თამარ შარაშიძემ განუცხადა, ინვენტარიზაციის პროცესი თბილისის ტერიტორიაზე 12 ათას ჰექტარ ფართობის შესწავლას ითვალისწინებს და იგი უკვე დაწყებულია. კერძოდ, ინვენტარიზაციის სამუშოები რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. სატყეო ფართობებზე მწვანე ნარგავების დეტალური შესწავლის შემდგომ დასკვნა დაიდება, რომლის მიხედვითაც მოხდება ხმელი და დაავადებული ხეების ჭრა, მათი ახლით ჩანაცვლება და განისაზღვრება, კონკრეტულად, რა სახეობები უნდა დაირგოს.

„ინვენტარიზაციის პროცესის ჩასატარებლად ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გეოგრაფიკთან“ 22 ივნისს გაფორმდა. იგი შეასრულებს ამ სამუშაოებს, რომელიც სამ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ეტაპი 21 ივლისს დასრულდა და ტერიტორიების უბნების, კვარტლების მიხედვით დაყოფას მოიცავდა. მეორე ეტაპზე საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც მოიცავს არსებული ნარგავების სახეობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას. ეს პროცესი 9 ოქტომბერს დასრულდება. მესამე ეტაპი კი ითვალისწინებს შეგროვებული მასალების დამუშავებას და მართვის გეგმის შედგენას, შემდგომ თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ფართობების მართვა ჩატარებული კვლევის საფუძველზე“, – განაცხადა თამარ შარაშიძემ.

მისივე თქმით, მართვის გეგმაში იქნება განსაზღვრული, სად იქნება ხეები მოსაჭრელი, სად აღსადგენი და რითი ჩანაცვლდება.

თამარ შარაშიძისთვის უცნობია, თუ რამდენი პირი მიიღებს მონაწილეობას საველე სამუშაოებში. მისივე თქმით, ეს კომპანიის ვალდებულებაა და ამ სამუშაოებში მათი სამსახურიც ჩართულია. შარაშიძემ საუბრისას ასევე ვერ დაასახელა პროექტის სატენდერო ღირებულების მოცულობა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ხე-მცენარეების ინვენტარიზაციის პროცესი 1992 წლის შემდეგ არ განხორციელებულა. შესაბამისად სამუშაოები მოცულობითია.