გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გერმანული ჟურნალ-გაზეთების და ონლაინ გამოცემების 9 წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვია.
წიგნის სახლში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ სტუმრებს საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
„გერმანიიდან ჟურნალისტების მოწვევა ოქტომბერში დაგეგმილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკავშირდება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი. მომზადებული სტატიებით გერმანული აუდიტორია საქართველოს ისტორიისა და კულუტურის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მიიღებს. 9 დღიანი ტურის განმავლობაში ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, მცხეთა, ანანური, გუდაური და სტეფანწმინდა დაათვალიერეს. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა იმოგზაურეს კახეთშიც, ეწვივნენ მარნებს, სადაც ღვინის წარმოების ტრადიციულ წესებს გაეცნენ,” - ნათქვამია ინფორმაციაში.