გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, 22 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს.სოფლის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ 10 ოჯახი საკუთარ სახლებში საცხოვრებლად დაბრუნდა, 4 კი ამ დრომდე რუსთავის ერთ-ერთ სასტუმროში რჩება.
გარდაბნის მერიის მიერ სასტუმროში განთავსებული ოჯახები აცხადებენ, რომ მათ წასასვლელი არსად აქვთ და სასტუმროში დაკავებული ნომრები დღეს უნდა დაცალონ.
მათ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი. როგორც ბუდაღაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მერიამ მათ საცხოვრებელი ბინების დაქირავება შესთავაზა, მოამარაგა პირველადი მოხმარების ნივთებითა და ტანსაცმლით, საკვები პროდუქტით. რაც შეეხება სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ზარალი უკვე დათვლილია და შესაბამისი დოკუმენტაცია სამინისტროშია გადაგზავნილი.
„ჩვენ თავდაპირველად მათ ბინების დაქირავება შევთავაზეთ, უარი გვითხრეს და ამიტომ სასტუმროში გადავიყვანეთ საცხოვრებლად. არავინ არ სთხოვთ სასტუმროს დაცლას, პირიქით, თავად გვთხოვეს ბუნებრივი არის ბალონების შეძენა, იმისათვის, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებულიყვნენ და საკვების მომზადება შეძლებოდათ. სისტემატურად ვამარაგებთ საკვები პროდუქტით, პირველადი მოხმარების საგნებითა და ნივთებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ ოჯახებს, არავინ ღია ცის ქვეშ არ ყრის. სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა სოფელ კრწანისში 140 ათას ლარამდე შეადგინა, ვინაიდან ეს თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში არ გვაქვს, ცენტრალური ხელისუფლებისგან ველოდებით ზარალის ანაზღაურებას", - განაცხადა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა.