„თავდაჯერებული და ჭირვეული ახალგაზრდა, რომელიც მუდამ გაზეთების გამოცემაზე ფიქრობდა“, – ასე იხსენებენ მედიამაგნატს რუპერტ მერდოკს მისი ბავშვობის მეგობრები. რუპერტ მერდოკი არის დამაარსებელი და მფლობელი მედიაჰოლდინგისა News Corporation.
მერდოკი 1931 წელს ავსტრალიაში დაიბადა. მისი მამა ბრწყინვალე ჟურნალისტი იყო და საგამომცემლო საქმის ოსტატად ითვლებოდა. მამა რუპერტისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. დედა კი ცდილობდა, შვილი დამოუკიდებელ და უშიშარ მამაკაცად ჩამოყალიბებულიყო. ის შვილს ზაფხულში ხასიათის გამოსაწვრთნელად ხეზე დამაგრებულ ქოხში დაძინებას აიძულებდა. რუპერტი აღიარებს, რომ მაშინ დედის ქცევის არსი არ ესმოდა და მხოლოდ მოზრდილ ასაკში მიხვდა, რომ ამან უშიშარი და დამოუკიდებელი გახადა. ამ ორ თვისებას მერდოკი ბიზნესში ყოველთვის იყენებდა.
ბიზნესის მიმართ მიდეკილებას მერდოკი ბავშვობიდან ამჟღავნებდა. 7 წლის ასაკში მან ფულის შოვნის გზა იპოვა - კურდღლებზე ნადირობდა და თითოს 6 პენსად ყიდდა.
1948 წელს სკოლა დაამთავრა და მამის ფირმაში ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ მაშინ მას ჟურნალისტობა დიდად არ აინტერესებდა. შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე სწავლობდა. სტუდენტები მას რადიკალად იცნობდნენ.
თუმცა მოგვიანებით, სასწავლებლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ რუპერტ მერდოკს რედაქციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა, მან გადაწყვიტა, მედიასფეროში ეცადა ბედი – ჯერ გაზეთის რიგითი თანამშრომელი იყო, დღეს კი მედიაიმპერიის მფლობელია. წარმატებისკენ მიმავალი გზა რთული და დამღლელი აღმოჩნდა – გაუთავებელი სასამართლო პროცესები, მეგობრებისა და კოლეგების ღალატი; თუმცა „საშინელ მერდოკს“ წინ ვერაფერი აღუდგა. „გახდი საუკეთესო შენს საქმეში და არც ძალაუფლება მოგაკლდება, არც – ქონება“, – ამბობს რუპერტ მერდოკი.
დღეს 87 წლის მერდოკი კვლავ ენერგიულად უძღვება საქმეს.
რუპერტ მერდოკის ბიზნესციტატები:
1. როცა ცდილობთ, რაღაც ახალი გააკეთოთ და ძველი დაამსხვრიოთ, მტრებს იმრავლებთ. ვამაყობ, რომ ამდენი მტერი მყავს.
2. მე ფულს არ ვაკეთებ. გახდით საუკეთესო თქვენს სფეროში - მაშინ თავად მოვა ძალაუფლებაც და ქონებაც.
3. ის იმარჯვებს, ვინც ცვლილებების თავის სასარგებლოდ მიმართვას ახერხებს.
4. იმოქმედე გლობალურად, იფიქრე ლოკალურად.
5. პირადი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.
6. ის კომპანიები, რომლებსაც იმედი აქვთ, რომ დიდებული წარსული დაიცავს ტექნოლოგიის ზეგავლენით ცვლილებების აუცილებლობისგან, ღრმად ცდებიან და კრახს განიცდიან.
7. სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. დიდი კომპანიები ვეღარ შეავიწროებენ წვრილ კომპანიებს. ამიერიდან სწრაფები აჯობებენ შენელებულებს.
8. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ დეტალებს; ყოველდღიურად ვაკონტროლებ ჩემს პროდუქტს. ყოველთვის უნდა ვიყო მოვლენების საქმის კურსში.
9. რეპუტაცია 100 მილიონ დოლარზე უფრო ძვირი ღირს.
10. თქვენ ვერ ააშენებთ კარგ კომპანიას, თუ მასში დიდი დირექტორთა საბჭო იქნება. უნდა შეგეძლოთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.