საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახანძრო ზედამხედველობის სამსახურმა 97 სასტუმრო შეამოწმა და აქედან სახანძრო ნორმების დარღვევის გამო, 37 სასტუმრო ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხოლოდ იმ სასტუმროების შემოწმების უფლება ჰქონდა, რომელთა ნომრების რაოდენობა 100-ს არ აღემატებოდა. პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების სია მნიშვნელოვნად გაიზრდა.
“შესაბამისად, ყველა სასტუმრო, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმრო, სახანძრო უსაფროების სამსახურის შემოწმებას დაექვემდებარა. შემოწმების პროცესი პერმანენტულად გრძელდება და მას სამსახური გეგმურად, წელიწადში სამჯერ ახორციელებს. გაიცემა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ახალი რეგულაციების მიხედვით, სანქციის ოდენობა 2000-დან 5 ათას ლარამდე მერყეობს“, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.