ტურიზმის მიმართულებით არჩეული გვაქვს ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან საქართველოში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, შემოდგომაზე ტურიზმის მიმართულებით ახალი ინიციატივები გაჟღერდება.
„მინდა, შევეხო იმ სტატისტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურიზმში. გასულ თვეს ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, როგორც ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით, ისე იმ შემოსავლის რაოდენობის მიხედვით, რომელიც ქვეყანამ ტურიზმიდან მიიღო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არჩეული გვაქვს ძალიან სწორი და ეფექტური სტრატეგია, თუმცაღა აქვე იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გავაგრძელოთ დივერსიფიკაცია. ამ სტატისტიკაში განსაკუთრებით კარგი გახლავთ ის, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც ტურისტები ჩამოდიან საქართველოში, მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად უნდა გადავდგათ თამამი ნაბიჯები. ამის შესახებ შემოდგომაზე ჩვენ დამატებით ინიციატივებს გაცნობებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.