საქართველოს მთავრობამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დებულება დაამტკიცა.
დებულების თანახმად, საპენსიო სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ა) სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით, რომელიც ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა; ბ) საინვესტიციო საბჭოს მეშვეობით; გ) სააგენტოს დირექტორის მეშვეობით; დ) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მეშვეობით და ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ამ ქვედანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
ამასთან, საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა) დირექტორის აპარატი; ბ) საინვესტიციო სამსახური; გ) შიდა აუდიტის სამსახური; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) საოპერაციო დეპარტამენტი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და თ) სამეთვალყურეო საბჭოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი.
დებულების მიხედვით, დამოუკიდებელ სააგენტოს საკმაოდ მრავალფეროვანი სტრუქტურა აქვს. ჰყავს 4 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
საინვესტიციო საბჭო კი 5 წევრიანია. წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. სწორედ ამ საბჭოს ევალება საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება/ მონიტორინგი. ის ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარ(ებ)ისა და აქტივების მმართველი კომპანი(ებ)ის შერჩევას;
საინვესტიციო საბჭო არჩევს უფროს უფროსი საინვესტიციო ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.
როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტომ ფუნქციონირება 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დაიწყოს. სწორედ იმ დროიდან ამოქმედდება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომელში ჩართვა 40 წლამდე ასაკის ყველა დაქირავებით დასაქმებულისთვის სავალდებულო იქნება.