ახმეტის მუნიციპალიტეტი 2016-2017 წლებში სხვადასხვა დელეგაციას და ჯგუფს კვებით თვეში საშუალოდ 3-4- ჯერ უმასპინძლდებოდა, რისთვისაც 44 ათასი ლარი დახარჯა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის. კერძოდ, ხარჯები გაწეულია სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციის წარმომადგენლების, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და სხვა ოფიციალური პირების სტუმრობისას. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 2016 წელს კვების პროდუქტებზე, მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე 51 შემთხვევაში დახარჯულია 28 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს 40 შემთხვევაში დაიხარჯა 16.5 ათასი ლარი.
„2016-2017 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა დელეგაციასა და ჯგუფს კვებით უმასპინძლდებოდა საშუალოდ თვეში 3-4- ჯერ. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვის ვალდებულებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების მიზანშეწონილობის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს დოკუმენტური ინფორმაცია მიღებული სტუმრების რაოდენობისა და ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ. აუდიტის ობიექტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) აღნიშნული ინფორმაცია ვერ წარმოადგინა. თანხები ძირითადად ანაზღაურებულია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე. აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად აუცილებელი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის 2016-2017 წლებში საშუალოდ თვეში 3-4-ჯერ კვებითი მომსახურების ორგანიზება და რამდენად მიზანშეწონილია ამ მიზნით 44 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა“, - ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პირველ რიგში გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული.