თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა ჯერ ისევ არ დაწყებულა.
„ჰუალინგ ჯგუფში“ სამუშაოების დაწყების ვადას ვერ აკონკრეტებენ. ამ დროისთვის ინვესტორმა მერიასთან მხოლოდ წინასწარი ესკიზი შეათანხმა.
რაც შეეხება დეტალურ პროექტს, „ჰუალინგ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ამაზე მუშაობენ, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის დასრულდება პროექტირება და შემდგომ, როდის მიმართავენ მერიას სამშენებლო ნებართვის მისაღებად.
„ამ ეტაპზე ქართველი და ჩინელი ინჟინრების სასტუმროს პროექტზე აქტიურად მუშაობენ. თუმცა, როდის დასრულდება პროექტირება, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. იმას გეტყვით, რომ შენობას მთლიანად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ჰუალინგის" პროექტების მენეჯერმა გეორგია გოგიამ.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 20 აპრილამდე აქვს. თუ ამ ვადაში კომპანია არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს არ აამოქმედებს, მას სავარაუდოდ, დააჯარიმებენ.
„საპრივატიზებო პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2019 წლის 20 აპრილამდე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სულ მცირე 100 ნომრის მქონე სასტუმროს მშენებლობა და აღჭურვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის ვადის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენს 500 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 2015 წლის ივნისში 9 მილიონ 450 ათას დოლარად გაიყიდა. "ჰუალინგი’’ ვალდებული იყო 2016 წლის 1-ლი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო გაეშვა ექსპლუატაციაში, თუმცა პროექტის განხორციელებამ დროში გადაიწია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასტუმრო, რომელიც სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას აშენდება „ჰუალინგის“ ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.