„პენსიის ოდენობის ინფლაციის მაჩვენებელზე მიბმა პენსიის მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით გაზრდას ნიშნავს - ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ"

პენსიის ინდექსაცია პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლით გაზრდას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწლიურად შეიძლება გაზარდო მხოლოდ 10, 12 ან 14 ლარით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ჭიაბერაშვილი იმასაც ამბობს, რომ ინდექსაციის სისტემის ამოქმედება მთავრობის მოტივაციას აქრობს.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით, პენსიის ინდექსაციის როგორ ფორმულას შემოიტანს მთავრობა, ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა, ძნელია. ამ კონტექსტში საუბარია ბევრ სხვადასხვა ვარიანტზე. მაგალითად, თუ გინდა, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი იგივე დონეზე შეინარჩუნო, რაც დღეს არის - 18%, მაშინ შეიძლება თქვა, რომ როგორც გაიზრდება საშუალო ხელფასი, პენსიას იმავე პროცენტით გაზრდი. ასეთ შემთხვევაში, შეინარჩუნებ 18%-ს. მეორე ვარიანტია, თქვა, რომ არ გინდა პენსიონერთა მსყიდველუნარიანობა დაქვეითდეს, პენსიის ოდენობა ინფლაციას მიაბა და როგორც ფასი გაიზრდება, პენსიაც იმის მიხედვით გაზარდო, რათა როგორც მინიმუმ, პენსიონერი დაზღვეული იყოს იმისგან, რომ ფასების ზრდამ მისი გაღარიბება არ გამოიწვიოს. პენსიის ინდექსაცია შეიძლება მშპ-ს ზრდას მიაბა და როგორც გაიზრდება მშპ, იმდენით გაზარდო პენსია. შეიძლება გააკეთო კომბინაცია: - მშპ, ინფლაცია და ასე შემდეგ, მაგრამ რა ფორმულაზეა ლაპარაკი, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, რადგან ეს პენსიის ძალიან დაბალი მაჩვენებლებით გაზრდას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია ყოველწიურად შეიძლება გაზარდო მხოლოდ 10 ლარით, 12 ლარით ან 14 ლარით. ჩემი ვარაუდით, მეტის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ იქნება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პენსიის ინდექსაციის შესახებ როგორი ფორმულა და კომბინაციაც არ უნდა შემოიტანონ, დღეს ბიუჯეტში არის საკმარისი რესურსი იმისა, რომ პენსიის იმაზე მეტი ოდენობით გაზრდა მოხდეს. პენსიის 50-ლარით გაზრდა დღესვე შესაძლებელია, ხოლო ინდექსაცია არის იმ პასუხიმგებლობისა და ზეწოლისგან თავის არიდება, რომ პენსია არსებითად გაიზარდოს და არა მინიმალისტურად და პენსიონერის აბუჩად აგდებით. ასე ჩვენ სულ ვიჩანჩალებთ!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სახელმწიფო პენსიის ინდექსაციაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ფინანსთა სამინისტრომ უახლოეს ცხრა თვეში მთავრობას სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა წარუდგინოს. პენსიის ინდექსაცია ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნების უზრუნველყოფით უნდა მოხდეს.

პენსიის ინდექსაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება უკვე ასახულია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.