"აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე ახალგაზრდების ჩართულობა განისაზღვრება"

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში პრიორიტეტად 30 წლამდე მამაკაცებისა და ასაკის შეუზღუდავად ქალების ჩართულობა განისაზღვრება. ამის შესახებ ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამით ახალგაზრდა მამაკაცებს, ასევე ნებისმიერი ასაკის მქონე ქალებს სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და უნარების მაქსიმალური რეალიზაციისა და ბიზნესის მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობა მიეცემათ.

ფერმერთა ასოციაციის ცნობით, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2017 წელს დაიწყო და 300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კულტურებია: ხურმა, ვაშლი, ატამი, ბოსტნეული, დაფნა, კენკროვანი, კაკალი, თაფლი, ყვავილების კულტურები.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა; გარდა ამისა, პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში.

პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის" (AMMAR) ფარგლებში და ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.

პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ახორციელებს,” - ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციაში.